ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი გათავისუფლებას ითხოვდა.
დაკავებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ კალანდარიშვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ის შემთხვევის დროს თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.