შემოდგომიდან ვენაში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა ქალებისთვის, რომლებმაც კარიერა ბავშვებზე ან ავადმყოფ ნათესავებზე ზრუნვის გამო შეწყვიტეს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ პროფესიას ან აიმაღლონ კვალიფიკაცია. სიახლის შესახებ diepresse წერს.
პროექტი განკუთვნილია 25 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომელთაც სრული განათლება არ აქვთ მიღებული. მათ დაეხმარებიან პროფესიის შერჩევაში, შესთავაზებენ უფასო სწავლებას და ყოველთვიურ 300-ევროიან გრანტს. ამასთან, ისინი უმუშევრობის შემწეობის მიღებასაც შეძლებენ.
ყოველ მონაწილეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეუდგენენ, ხოლო კურსების დასრულების შემდეგ დაეხმარებიან სამუშაოს მოძიებასა და გასაუბრებისთვის მომზადებაში.
პროგრამა თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს, თუმცა წარმატების შემთხვევაში მისი გაგრძელებაც იგეგმება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ინიციატივა ქალებს დაეხმარება კვლავ დაბრუნდნენ სამსახურში და მიიღონ მოთხოვნადი კვალიფიკაცია.