„ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ჩვენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე“, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.
ვოლსკის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანით სწორედ პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულებისა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის და ჩართულობის შეზღუდვა“.
„ქალაქებსა და სოფლებში, რა საკვირველია, ხალხი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ რესურსს იმისთვის, რათა თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს იმ სტრუქტურებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეიქმნება. აი, ეს რეალობა არსებობს და თუკი ამ რეალობას თვალს გაუსწორებენ და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი თურმე ის ყოფილა, ვინც ქუჩაში გამოდის, ქვეყნის დამარცხებას და ნეგატიური პროცესების შეუქცევად განვითარებას ლამობს, მაშინ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში; პირიქით, უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვებისა, თუ კი მათ მიაჩნიათ, რომ მათი აზრი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით უფრო პოპულარულია. არ მიაჩნიათ, წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და რა საკვირველია, ამ შემთხვევაშიც და ვენეციის კომისიის ეს პოლიტიკური განცხადებაც მათთვის მისაღებია. პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან მითუმეტეს იმ ნაწილში, როდესაც ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ 2/3-ით მიიღონ ცესკოში გადაწყვეტილებები, მაგალითად, ჩვენ ეს შევცვალეთ, ვინაიდან, საბოტაჟი იყო აშკარა და ვერანაირად ვერ იქნება ცესკოს გადაწყვეტილებები დამოკიდებული უმცირესობის მოსაზრებაზე, რომლებიც აი, ამ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები. საერთოდ გაჩერდება ცესკოს საქმიანობა, ოქმს ვერ მიიღებენ, არჩევნებს ვერ დაამტკიცებენ. სწორედაც პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების აი, ამ კანონში ცვლილებებით. არანაირი ინტერესი ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შევზღუდოთ პოლიტიკური მონაწილეობა ან ჩვენი ოპონენტების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რასაკვირველია, არც გვქონია და არც გვექნება, თავისუფალია არჩევნები და ვისაც მიაჩნია, რომ აქვს რესურსი გაიმარჯვოს, გამოვიდეს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რომ საზოგადოებას სურს, რომ მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს არჩევით ორგანოებში, რათა მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელთ, რომ გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რასაკვირველია მისაღებია, გასათვალისწინებელია და მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობას მოიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.