კოტე მათითაშვილის „კოტკასტს“ სტუმრობდა ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, რომელთან ერთადაც გადაცემის წამყვანმა ჭარბოფლიანობის ერთ-ერთ მოწინააღმდეგე საშუალებად ბოტოქსი დაასახელა.
კოტე მათითაშვილმა აღნიშნა, რომ ხელის გულების, ტერფებისა და იღლიის შემთხვევაში ბოტოქსს კარგი შედეგები აქვს: „არსებობს ასეთი მეთოდი – ბოტულონოთერაპია, კარგად დანერგილი და აპრობირებული ტექნიკაა, კეთდება მარტივი 10-წუთიანი პროცედურა, ხელის გულებზე, იღლიის ზონაში და ტერფებზე ისე, როგორც სახეზე ვიყენებთ. ეს ერთჯერადი პროცედურა 5-6 თვემდე ამცირებს ჭარბოფლიანობას. მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც აბიტურიენტი იყო და აბარებდა სამხატვრო აკადემიაში. იმდენად მაღალი ხარისხის ჰიპერჰიდროზი ჰქონდა მტევნების, რომ ხატვისას ნამუშევარს უფუჭებდა. გავუკეთეთ ეს პროცედურა და კარგად ჩააბარა“.
ლაშა უჩავამ დასძინა, რომ მასაც ჰყავს მსგავსი პაციენტები: „ერთმა პაციენტმა მომმართა და უკვე ანტიდეპრესანტებს იღებდა, იმდენად სტრესული იყო მისთვის ჭარბოფლიანობა. მაშინ ვურჩიე ბოტულინოთერაპიის გამოყენება. წინა კვირაში შემხვდა და მითხრა, რომ დაისვენა. ძილიც მომიწესრიგდა და არც ანტიდეპრესანტები მჭირდებაო. რეალურად, ჭარბოფლიანობა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის…“