მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ემოციურ პოსტს ურთავს.
„გიგას იქ, ღმერთთან აქვს ახლა კითხვები: „რატომ ვარ აქ?“, „რატომ დატოვე ჩემი დედიკო იმ შეშლილ ომში?“, – წერს ეკა კუპტაძე.
ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საზოგადოებას იმ თანადგომისთვის, რომელსაც მისი ოჯახის მიმართ ამჟღავნებენ.
„ყველას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის. ვერ წარმოიდგენთ ამას როგორი წრფელი გულით გეუბნებით იმიტომ, რომ სწორედ თქვენმა ერთიანობამ შეძლო ის, რომ მკვლელებმა ღრმად იგრძნეს ციხის სუნი და გადმოვიდნენ მუქარაზე. ალექსანდრე გაბაშვილის მამა იმუქრება, რომ „ან თქვენ დაამტკიცებთ, რომ ჩემმა შვილმა მოკლა გიგა ავალიანი ან მე დაგიმტკიცებთ, რომ ჩემს შვილს არ მოუკლავსო“. მისწერა ჩემს ძმას, რომ ისიც არის შვილების მამა და ჩემს ძმას ემუქრება შვილებით“, – აცხადებს ეკა კუპატაძე გავრცელებულ ვიდეოში.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
