ნატალია ნაყოფია მიკი ჯეჯელავას გადაცემას ჩაერთო რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში და ახალი სიმღერისა და კლიპის „თავიდან“ შესახებ ისაუბრა.
ნატალია ნაყოფია:
როგორც იბადება ხოლმე სიმღერები, არსაიდან და სპონტანურად, ასე დაიწერეა ესეც… ეს სიმღერა დავწერე თუ არა, ვიცოდი, რომ იქნებოდა ძალიან ხალისიანი და პოზიტიური. უახლოეს მომავალში დაიდება ვიდეორგოლიც. ნუცა ჩაკვეტაძემ იმუშავა ვიდეოზე. ძალიან მიხარია, რომ ქალი რეჟისორი მყავს ამ პროექტზე, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და ვითანამშრომლეთ. ჩემთვისაც სიახლეა ასეთი მუსიკალური ვიდეო, ამიტომ მიხარია, რომ მალე გავუზიარებ მაყურებელსა და მსმენელს.
თორჩოს ვხედავთ კლიპის თიზერში… როგორი იყო მასთან თანამშრომლობა, როგორც მსახიობთან?
ძალიან კარგი, თავისი საქმის პროფესიონალია, პასუხისმგებლობიანი და სერიოზულად ეკიდება საქმეს. გადაღება იყო ქაოტური და სასიამოვნო. ყოველ წამს მზად იყო თორჩო (გიორგი თორაძე), როცა კამერა ირთვებოდა. ძალიან საინტერესო სცენები გელით ჩემი და თორჩოსი, რადგან ვჩხუბობთ…
ნატალია, ახლა რა ეტაპზე ხარ შემოქმედებითად?
ახლა ძირითადი ფოკუსი გვაქვს ახალ სიმღერასა და მუსიკალურ ვიდეოზე. დიდი ხანია, მსგავსი პროექტი არ გამომიშვია და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მუსიკალურ მხარეზე ბორიკო შხიანმა და ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავეს. ამ ეტაპზე სწორედ აქ ვარ…
ჩემი შეფასებით, შენ ხარ ერთადერთი ქართველი მომღერალი, რომელიც ყველაზე რთულად გასამღერებელ ქართულ ფრაზებს ოსტატურად გადმოსცემს. ამას როგორ აკეთებ, რა ტექნიკით?
არ მაქვს ტექნიკა. ერთი საიდუმლო მაქვს, მაგრამ მგონი, არ უნდა გავაზიარო (იღიმის). უბრალოდ, უნდა გაამღერო ყველაფერი და ორგანული იქნება. ლირიკასაც ჩემს ჟანრს ვურგებ. ვითვალისწინებ მელოდიის რითმს და ამის მიხედვით ვწერ. მელოდია და სიტყვაც ერთდროულად იწერება, ხანდახან ცოტა სასაცილოა, ხანდახან – საინტერესო.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ვოკალური დიაპაზონი გაქვს, შენს მანერას ჰიპ-ჰოპ ტრეკიც მოუხდება. ხომ არ ფიქრობ ამაზე?
ვფიქრობ და კარგი იქნებოდა, ჩემი ჟანრი არ ენ ბი პოპია. მაქვს რამდენიმე ასეთი ტრეკი, მაგრამ ვერ ვრისკავ გამოშვებას, რადგან ბოლომდე არ მომწონს. ჯერ აქამდე მისული არ ვარ, რომ გავრეპო, თუმცა რეჩიტატიულად ვმღერი და შეიძლება, ჰიპ-ჰოპ ჟანრში ამით შემოვიფარგლო.