ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა, ახლახან, მორიგი ტრიუმფალური გამარჯვებით გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა – 23 აპრილს მან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
როგორი იყო ჩემპიონის გზა წარმატებამდე და რა სირთულეების დაძლევა მოუწია ნანატრი ტიტულების მოსაპოვებლად – გიორგი სარდალაშვილი საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება „პირველი არხის“ გადაცემაში „ახალი დღე“.
„დილით მამა გვაღვიძებდა და გვავარჯიშებდა, შემდეგ სკოლაში დედას მივყავდით. პატარა ვიყავი, თუმცა დარბაზში, სულ მცირე, 3 საათს ვატარებდი. 5 წელი სოფელში ვცხოვრობდით. მშობლებს სულ ვეუბნებოდი, რომ გავიზრდები აუცილებლად ყველაფერი გვექნება-მეთქი, ყოველთვის ამას ვპირდებოდი.
შრომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ღმერთისგან ნიჭით იყო დაჯილდოებული, მაგრამ შრომის გარეშე აზრი არ აქვს, თუ იშრომებ აუცილებლად დაგიფასდება, სპორტთან უნდა იყო მართალი და ყველაფერი სპორტული სიმართლით უნდა გააკეთო, რომ ეს ყველაფერი აინაზღაურო.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვარ პირველი ქართველი, რომელმაც შეძლო და 21 წლის ასაკში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
როდესაც რუსთან გვაქვს დაპირისპირება, ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. მწვრთნელებიც სულ გვინერგავენ, რომ რუსთან არ უნდა დავმარცხდეთ“, – ჰყვება გიორგი სარდალაშვილი გადაცემაში „ახალი დღე“.