„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარია მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
როგორც მისი ნაამბობიდან ვიგებთ, მკვლელობის ღამეს გიგა თავისი დედისთვის დაბადების დღის ტორტის მოსატანად წავიდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ.
„მე და გიგა სულ ერთად დავდიოდით, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ოჯახში გვაქვს ერთი ძალიან ცუდი ტრადიცია, დაბადების დღეს ვჩუქნით ერთმანეთს ტორტს და რაიმე საჩუქარს. გიგა იმ დღეს ადრე წავიდა ტორტისთვის. დამღუპა ამ ჩვენმა ტრადიციამ. გიგა იმ დღეს წასულა გზით, რომლითაც იშვიათად გადავდიოდით. მას ეჩქარებოდა ტორტის სახლში მიტანა. მე არაფერი მიეჭვია, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ გიგა გარდაიცვლებოდა და მე ცოცხალი დავრჩებოდი. სულ მიკვირდა დედების, რომლებსაც შვილები უკვდებოდათ და ღამეს საწოლში ათევდნენ. დღეს მე კაპლებს გვერდიდან არ ვიცილებ, რადგან გონზე მოვიდე და ყველა დამნაშავე დაისაჯოს“, – საუბრობს გიგა ავალიანის დედა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
ვიდეო იხილეთ ლინკზე: NanukaZhorzholianiShow
