„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდი ქართველ ჯაზშემსრულებელს, გიული ჩოხელს მიეძღვნა. გადაცემის წამყვანი მომღერალს სახლში ესტუმრა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა ვერ მოძებნა სხვა სტუმარი, რომელიც გიული ჩოხელის საპირწონე იქნებოდა, წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ მომღერალმა თქვა: „მართალია, იცით? გალა კონცეტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მე უნდა ვიყო მარტო“.
გიული ჩოხელმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ვრცლად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, შვილის დაკარგვასა და კარიერაზე:
„მე ვარ პირველი დემოკრატი, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ჯაზმენებს ციხეში სვამდნენ და თავში ურტყამდნენ, მე სცენაზე ვიდექი და ჯაზს ვახურებდი.
პირველად, ჯაზი დედამ 12 წლის ასაკში მომასმენინა – გავგიჟდი, გავბრწყინდი, დედა, ეს ჩემი მუსიკაა, მე ამას ვიმღერებ-მეთქი“, – აღნიშნა მომღერალმა.
გიული ჩოხელმა ასევე ისაუბრა საკუთარ ნახატებზე, რომლებსაც სპეციფიკური მასალით ქმნის:
„სასწაულებს ვახდენ – ცელოფნებით ვხატავ, აშშ-ში მქონდა გამოფენა, გასულელდა ის ადამიანი, ვინც ცელოფნებს უშვებს. მითხრა, ყველაფერს ვყიდულობო. ვუთხარი, არაფერს ვყიდი, ეს საქართველოს განძია-მეთქი“, – აღნიშნავს ჯაზშემსრულებელი.
გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში გიული ჩოხელმა გარდაცვლილ შვილზეც ისაუბრა:
„შვილი მოსკოვში დამეღუპა. მე რევოლუციონერი ვარ, რუსეთს ხაზი გადავუსვი და ჩემი შვილის დაკრძალვაზე არ წავედი, არც მინახავს მისი არაფერი, დღეს ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალი ანგელოზია“, – თქვა გიული ჩოხელმა.