ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ დააფუძნა რვაწლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
მისი მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.
ამჯერად თამუნამ საკუთარ პოდკასტში „ვეძებ“ სტუმრად თავისი ბიოლოგიური მამა მიიწვია.
„პირველად ჩემმა შვილმა ჯაბამ დამირეკა. მამა შენ კიდევ გყავს შვილიო. თავიდან არ დავიჯერე, მეგონა რომ ხუმრობდა. შემდეგ ვახტანგმა დამირეკა და უკვე ცოტა მეფიქრა, რომ სიმართლეს მეუბნებოდნენ. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, შოკი იყო, თუმცა დადებითი შოკი. შენი სისხლი და ხორცი როდესაც გიპოვის, როგორ უნდა უთხრა, რატომ მოხვედიო. ეს შენს კაცობაზე და კულტურაზე მიუთითებს. როდესაც ტუჩთან ხალი შევამჩნიე, ეგრევე დავრწმუნდი რომ ჩემი შვილი იყავი და ხმაც აღარ ამომიღია.
ახლა რომ გითხრა, იმ დროს ორსულობა რომ გამეგო რას ვიზამდი და რას არა, ბაქიობა იქნება. თუ გაშვილება ენდომებოდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე ორივე ხელით დათანხმდებოდა ამას, [გეცხოვრა ჩვენს ოჯახში]. ნაწყენი როგორ არ უნდა ვიყო, რომ 40 წელი არ ვიცოდი შვილი რომ მყავდა. რამდენიმე რამე მოგაკლდა ჩემგან. ქალებს უყვარდათ გურგენი და არა პირიქით.
მეუღლემ სიკვდილის წინ მთხოვა, ჯაბასთვის მიმეხედა. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი გავლოთდი. 45 დღის შემდეგ მოვიდა ჩემი მეგობარი და მითხრა რას აკეთებ, გონზეო მოდიო. შემდეგ გამოვფხიზლდი. ხანდახან უარყოფითი კომენტარები რომ იწერება, მოქმედებს ჩემზე, თუმცა გულში ვიმარხავ. თქვენ როგორ გგონიათ, ჩვენ მამაკაცები არ ვტირით?“, – საუბრობს გურგენ ხორავა.
