რუსების თავდასხმის შემდეგ, “დედაენის ბარით” პუტინის პროპაგანდისტული მედია დაინტერესდა.
გუშინ, ბარში первый канал-ის ჟურნალისტმა რიმა ბერულავამ „დედაენის“ მფლობელი მოატყუა, რომ წარმოადგენდა საერთაშორისო მედია – Reuters და ამ გზით მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
სამოქალაქო აქტივისტმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ნოდარ რუხაძემ პროპაგანდისტი ჟურნალისტი ადგილზე ჩაწერა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რიმა ბერულავამ ნოდარ რუხაძესთან საუბარში განაცხადა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში ლეგალურად იმყოფება.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
ბუკია წერს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს.
“ეს რიმა ბერულავაა და მე რამდენიმე თვის წინ მისი რეპორტაჟი ვნახე შემთხვევით. პუტინის “რაისიასთვის” მუშაობს საქართველოდან.
ლუგარზე ჰქონდა ისეთი სიუჟეტი, ხვალ რუსეთმა რომ დაგვბომბოს მარტო ეს სიუჟეტი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად (ქოცებივით რომ მჯეროდეს რომ რაიმე მიზეზი სჭირდება). სიუჟეტში ამბობს, რომ თითქოს ლუგარში ვაკეთებთ ვირუსებს, რითაც ვაპირებთ რუსები ამოვხოცოთ.
გუშინ დედაენის ბარში იყო ეს ჟურნალისტი. დანარჩენი თქვენ უნდა წარმოიდგინოთ რას დაწერს და იტყვის. ასევე უნდა წარმოიდგინოთ დედაენის ბარის გარშემო რა ტიპის ინტერესია. ალტ ინფო კი არ დაინტერესდა, არამედ მთლად “რასია”.
საერთოდ არ მაინტერესებს ამ გოგოს ფასეულობები და ის რომ სამშობლოს მოღალატედ იქცა ახალგაზრდა ადამიანი. მან აირჩია ეს გზა.
ჩემთვის აი, რა არის საინტერესო: ნოდარ რუხაძე გუშინ ლაივში ეკითხება საქართველოს მოქალაქე ხარო. არაო. აბა აქ როგორ ცხოვრობო? “როგორ და ლეგალურად” – იყო პასუხი.
ხვდებით რა ამაზრზენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? კანონის სრული დაცვით, რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ჩვეულებრივად ცხოვრობს საქართველოში, აკეთებს რეპორტაჟებს საქართველოს წინააღმდეგ, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ მუშაობას. რომელ ქვეყანაში შეიძლება ეს ხდებოდეს? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? არანაირი პრობლემა არ ექმნება, აძლევს გამოგონილ არგუმენტებს რუსეთს, რომელსაც შეუძლია გამოიყენებს თუნდაც სამხედრო ინტერვენციისთვის ეს არგუმენტები და საქართველოს ხელისუფლება ამ დროს არათუ არაფერს აკეთებს, მწვანე შუქს უნთებს, ქსენოფობიაზე გველაპარაკება, კელი დეგნანს ებრძვის და ჩვენ გვეკითხება: “ომი გინდათ?” – წერს ვიკა ბუკია.