LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ისმენს, არ იწყენენ“ – ზურა მანჯავიძის და სოფო ბოჭორიძის დუეტის პრემიერა „არ დაიდარდოში“

147
ზურა-მანჯავიძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ზურა მანჯავიძე და სოფო ბოჭორიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „არ მოვიწყენ არასდროს“ პრემიერა შედგა.

ზურა, ყველასთვის ცნობილი თამადა ხარ, ყველა სადღეგრძელოს ბოლომდე შესმა გიწევს? მაინტერესებს, თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, უკვე ცნობა რომ გიჭირს…

ზურა: რომ ვეღარ ვცნობ, არა. ეს არ ცნობა უფრო მეორე დილიდან არის.

როგორ ხასიათზე იღვიძებს ზურა მანჯავიძე ნაბახუსევზე?

ზურა: საშინელ. მე რომ ცოტა თავმოყვარე ადამიანი ვიყო, საერთოდ არ დავლევდი, ისეთი ცუდი ბახუსი ვიცი. ხანდახან, საერთოდ არაფერი მშველის, არც ალკოჰოლი, არც გადასხმა, არც გადმოსხმა, არც ქვეყნიდან გაგდება, არაფერი, მაგრამ იმდენად მიყვარს თვითონ ეს პროცესი, დალევა კი არა, დალევასთან ერთად რაც მოდის…

ანუ სხვებს რომ ულამაზებ საღამოს, განწყობას რომ ქმნი ხომ? თამადაზე ნამდვილად ბევრი რამ არის დამოკიდებული…

ზურა: კი ბატონო. სტიმულს მაძლევს და უფრო „მაგიჟებს“ ხოლმე, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივიქცევ, ერთ ხუმრობაზე თუ გაეცინა ვინმეს შემთხვევით, მერე, რომ გავგიჟდები და გავგიჟდები..

ზოგჯერ, არიან ადამიანები, რომელთა აყოლიება, გართობაც ძალიან რთულია, თუ გქონია მსგავსი გამოცდილება?

ზურა: კი, არის ხოლმე, განსაკუთრებით დასაწყისში. არის, რომ ვიღაცები არიან მოსულები, აი როგორი ტიპაჟები იცით, მთელს კაცობრიობას რომ მისი ვალი აქვს… რომ დაიბადა, რომ მოვიდა ამ ქვეყნად, დედამიწა მასთან ვალშია.

თუ მოქმედებს შენზე ეს ყველაფერი?

ზურა: მოქმედებდა ადრე, ახლა, უფრო იგნორის მდგომარეობაზე გადავედი, თან რაღაცნაირად საინტერესო ხდება ხოლმე მერე ასეთ ტიპაჟებთან ურთიერთობა.

კიდევ კარგი, ბოლო დროს, არის ის ტენდენცია, რომ უმეტესობა ხვდება, რომ ქორწილში, ნათლობაზე, წვეულებაზე, არ აქვს მნიშვნელობა, უნდა მიხვიდე გასართობად… გაიღიმო, იმღერო, იცეკვო, ტაში დაუკრა, მინიმუმ, სხვას არ შეუშალო ხელი და ცუდი აურა არ შექმნა.

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა, მეგობრობა?

სოფო: ზურას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ერთ-ერთ ჟურნალში ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ხშირად მიწევდა ზურასთან ინტერვიუსთვის მისვლა. ზურა, მოვყვე ერთხელ როგორ დამემალე?! მოკლედ, შეთანხმებულები ვართ მე და ზურა ინტერვიუზე, ასეთი რუბრიკა იყო „ავტო მოყვარული“. დღის განმავლობაში დავდევ ზურას და როგორც იქნა, შემთხვევით, ვაჟა-ფშაველაზე გადავიკვეთეთ. უკან მივყვები და ვურეკავ, ზურა, სად ხარ-მეთქი და საქმეზე გავდივარო, მეუბნება და სახლის ასახვევთან იყო. ვუთხარი, უკან მოგყვები და მოდი, ბარემ გავჩერდეთ-მეთქი და ორივემ ძალიან ბევრი ვიცინეთ.

ზურა: იმიტომ, რომ რუბრიკა იყო „ავტო მოყვარული“ და მე მანქანა არ მყავდა (იცინის).

სოფო: გყავდა…(იცინის). ხან მოიმიზეზა მანქანა გასარეცხიაო, მოკლედ, მიზეზები არ დაელია.

მერე, ტელევიზიაში გადაიკვეთა ჩვენი გზები.

ხანდახან, ვმღერი ხოლმე, რადგან ძალიან მიყვარს სიმღერა. ასევე, ვიყავი წამყვანი დილის გადაცემაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, მარკეტინგი ვარჩიე.

სოფო, ეს შენთვის პირველი სტუდიური ნამუშევარია თუ გაქვს სოლო სიმღერები?

სოფო: ოთო კოვზირიძესთან ერთად მაქვს ჩაწერილი ერთი სიმღერა – „ჩურჩულები“, რომელიც არსად მიმიტანია.

მოგვიყევით სიმღერაზე „არ მოვიწყენ არასდროს“, როგორ გაჩნდა დუეტის იდეა?

სოფო: ეს სიმღერა ნათია ზეინკლიშვილმა დამიწერა. ვიყავი მელოდიის დამახსოვრების პროცესში და მანქანაში ძალიან ხშირად ვუსმენდი ნათიას ნამღერს. ნათიამ სპეციალურად ჩემთვის დაწერა ეს სიმღერა.

ზურა: მე რომ მოვუსმინე ამ სიმღერას, მეთქი, რანაირად მივეტმასნო ამ ამბავს. რატომ არ გამიხმება ენა, დუეტი ჩავწეროთ-მეთქი (იცინის).

სოფო: ზურამ იფიქრა, რომ ეს დარჩებოდა უბრალოდ ასე, ხუმრობად, მაგრამ მეორე დღეს, ზურას დავურეკე და ზაზას სტუდიაში დავიბარე.

სიმღერის ლექსის ავტორი მაკა ბოცვაძე გახლავთ.

ზურა: სხვათა შორის, ძალიან კარგი ლექსია.

სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო?

ზურა: კი, ახალ წელს იყო.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელის მხრიდან?

ზურა: ვინც ისმენს, არ იწყენენ.

დიდი შანსია, რომ თქვენი ერთობლივი მეორე დუეტიც ჩაიწეროს?

სოფო: კი, აუცილებლად. ზურას არ ვიცი რამდენად გაუხარდა, მაგრამ…

ზურა: არა, გამიხარდა.

მადლობა სოფოს, რომ მომცა საშუალება, მასთან დუეტი ჩამეწერა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს რადიო მსმენელებს მოეწონებათ ეს სიმღერა.

ზურა მანჯავიძე & სოფო ბოჭორიძე – არ მოვიწყენ არასდროს

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ზურა მანჯავიძე & სოფო ბოჭორიძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები