“გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობა გვეცოდინება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ყველა შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ეს მონაცემები და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდება ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, დღეში 1000-ზე მეტი “პისიარ” ტესტი ჩატარდება, რომლის გაიდლაინს საბჭო განსაზღვრავს.
“დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი “პისიარ” ტესტი. ამის საშუალება არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, მოხდება უფრო მეტად გაფართოებული ტესტირება”, – განაცხადა მან.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზომიერი და კოტროლირებადი ზრდის მიუხედავად, ინფექციის გავრცელების რისკები კვლავ მაღალია და მოქალაქეებმა ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ.
“მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა. ამ დროის მონაცემებით, ჯერჯერობით კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არ აძლევს მოდუნების საშუალებას არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს. კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი,” – განაცხადა ტიკარაძემ.