ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს აცხადებს, რომ წესები თუ არ დაირღვევა, ჩვენ ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ.
მისი თქმით, ეპიდემიურ სურათს ინტენსიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებებიც ეტაპობრივად გადაიხედება, თუმცა, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობა არ იკვეთება. როგორც გაბუნია განმარტავს, ახლა დაწესებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაა საჭირო.
საქართველოს რამდენიმე რეგიონში, შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს
„წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება“.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა, ასევე, თვალსაჩინოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებლიც იმატებს და უახლოვდება ზღვრულ 2 პროცენტს, რომელიც ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც შემთხვევების მატების ტენდეცია უკვე არის გარკვეულწილად სანგაშო მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია გამკაცრდეს იმ რეგულაციების აღსრულება, რაც უკვე არის დაწესებული. აქ მოიაზრება პირველ რიგში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირბადე, დისტანცირება და ბიზნესგარემოში წესების ზედმიწევნად კარგად დაცვა“. – აცხადებს გაბუნია.
მისი თქმით, მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ნიღბის გამოყენების მაჩვენებელმა მკვეთრად დაიწია.
„ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია, თითქმის 40 პროცენტამდე, ბოლო პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ ოდნავი გაუმჯობესება აღინიშნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება და შემთხვევების შემდგომი ესკალაცია რომ თავიდან ავიცილოთ, ინდივიდუალურ დონეზე, პირბადის გამოყენებას აქვს უპირველესი მნიშვნელობა. ასევე, ბოლო პერიოდში, გასული კვირიდან, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც განსაკუთრებით მოიმატა შემთხვევებმა, იყო ეს გურიის რეგიონში, შიდა ქართლში, იმერეთის ზოგიერთ სოფელში, დაიწყო გაფართოებული, აქტიური ტესტირება ადგილებზე და ეს არის ასევე, ჩვენთვის მთავარი მექანიზმი. რაც შეეხება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერჯერობით ის შეზღუდვები, რომელიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია, მთავარია აღსრულება“. – ამბობს გაბუნია.
მისივე თქმით, დღეს ორმხრივია პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის.
