პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს.
იაგო ხვიჩიას ფიქრობს, რომ ხვალინდელი სასამართლო პროცესი ან გადაიდება, ან არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შესახებ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს თანმიმდევრული პოზიცია უნდა ჰქონოდათ და „ქართული ოცნებისთვის“ შეეთავაზებინათ, რომ თუ პირობითად სააკაშვილი გათავისუფლდებოდა, მოხდებოდა 12-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმება, ან თუ იქნებოდა პირობა, რომ მიხეილ სააკაშვილი წავიდოდა პოლიტიკიდან.
ყაველაშვილი სააკაშვილზე: ხომ ჩაერთვება ხვალ და დავინახავთ რამდენჯერ წაუვა გული სპეციალურად
„სამწუხაროდ მოლოდინები არ მაქვს ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. მგონია, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. სავარაუდოდ, პროცესი ან კიდევ გადაიდება, ან არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა.
ჩვენ დიდი ხანია გვესმის ჯანდაცვის არგუმენტები მიხეილ სააკაშვილზე და ამან არასდროს იმუშავა. დრო გავიდა და ისევ ამ არგუმენტებზე კამათი ჩემი აზრით, არ არის საკმარისი.
მგონია, რომ რაღაც წინადადება უნდა დაიდოს, როგორ შეიძლება განიმუხტოს კონფლიქტი. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ასეთი ერთ-ერთი წინადადება შეიძლება ყოფილიყო, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე შევთანხმდებით და ვიტყვით, რომ კონსენსუსს მივაღწიეთ და დეპოლარიზაციის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ან რაღაც ეგეთი წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, რასაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიდის პოლიტიკიდან.
მაგალითად, რომ ყოფილიყო ეს პოზიცია თანმიმდევრული, თუმცა ეს ვერ დავინახე. არაფერი შეცვლილა გარემოებები. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, „ქართულმა ოცნებამ“ ალბათ ყველაზე კარგად იცის. მგონია, რომ ისევ იგივე ჩიხში შეიძლება შევიდეთ, რა ჩიხიც გასულ წელს იმავე პერიოდში გვქონდა.
ვფიქრობდი, რომ მიხეილ სააკაშვილისგან, მისი დაცვისგან და „ქართული ოცნებისგანაც“ რაღაც წინადადება დაიდებოდა, სადაც შეთანხმება იქნებოდა შესაძლებელი“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.