LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად

138
თეა წულუკიანი

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კულტურის მინისტრი ეხმიანება.

თეა წულუკიანმა აღნიშნულ ინფორმაციას გაუგონარი დეზინფორმაცია უწოდა.

უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ

“გუშინ ვნახეთ გაუგონარი დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაცია მართავს, თუ აწყობს არხებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს გარკვეული ტიპის კონტრაბანდისთვის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ ვნახეთ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ძალიან ემოციური, ტკივილით დატვირთული ვიდეომიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელშიც ის ეკითხება ქართველ ხალხს, რა დაგიშავეთ ასეთი, რომ ასეთი მთავრობა გყავთო?

მოკლედ ეს იყო იმ ძალიან ძნელად მოსასმენი, ბევრი წუხილით და გაუსაძლისი ტკივილით დატვირთული ვიდეომიმართვის რეზიუმე. ამ მიმართვისას ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საუბრობდა როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქე და მისივე სახელმწიფოს ვიცე პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ მეც მიწევს ამაზე საუბარი როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს და ჩემი ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო, ქალბატონ ვერეშჩუკს და ასევე ჩვენთვის ძალზე ძვირფას უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ გავიზიარო ჩემი მთავრობის, მთელი ჩვენი ხალხის სახელით ის დიდი ტკივილი, ვინაიდან საქმე გვაქვს ენით აღუწერელ სისასტიკეებთან”, – თქვა წულუკიანმა.

წულუკიანმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერს, ირინა ვერეშჩუკს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება და კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს:

“პირველ რიგში, ეს გვაწუხებს კიდევ მეტად, როდესაც მათი მსხვერპლი არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები. მე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მუშაკს 10 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს რვა წლის განმავლობაში, მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ დადგება დრო და საერთაშორისო სამართალი თავის სიტყვას იტყვის, მაგრამ მანამდე აუცილებელია, ომი შეწყდეს.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი.

ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან.

ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანამშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს”, – თქვა წულუკიანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს.

ამავე თემაზე:

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

ხვიჩია: თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება, გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო

უსუფაშვილი: ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები