„როდესაც ვსაუბრობთ კანონებზე, აქ ექსტრემისტული ქმედების მოყვანა როგორც სავარაუდო სცენარი, გამაოგნებელია“ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე, იმ მოსალოდნელი სცენარების შესახებ ვარაუდებს გამოეხმაურა, რაც შესაძლოა, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მოჰყვეს.
მისი თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს მაგალითის მოყვანა და თქმა, რომ კანონმა შეიძლება ვინმეს იარაღი ააღებინოს და ვინმე მოკლას, არასწორ კონტექსტშია ნათქვამი.
პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ წრეებში ექსტრემისტული სცენარების დაშვება ხდება, გაუმართლებელია.
„როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევაზე, რა თქმა უნდა, კონტექსტი მიუღებელია და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მომცემია. ევროპელი ჩინოსნების მხრიდან მისი მაგალითის მოყვანა და თქმა, რომ კანონმა შეიძლება ვინმეს იარაღი ააღებინოს და ვინმე მოკლას, არასწორ კონტექსტშია ნათქვამი.
როდესაც ვსაუბრობთ კანონებზე, აქ ექსტრემისტული ქმედების მოყვანა როგორც სავარაუდო სცენარი, გამაოგნებელია.
ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ეს თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?“ – ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა. როდესაც, საუბარია იმაზე, რომ ამ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ ამ ჯგუფებმა შესაძლოა, ვინმეს ტყვია ესროლოს, გამაოგნებელია.
როდესაც დაშვება ხდება ასეთი სცენარის, მაღალ თანამდებობის მქონე წრეებს შორის, პოლიტიკურად გაუმართლებელია. ის, რომ ეს სიტყვები [პრემიერ ფიცოს შემთხვევა] მაგალითად მოყვანილია საუბარში, დაადასტურა თავად [ევროკომისარმა]. მეორე – მან წუხილი გამოთქვა, რომ კონტექსტურად ამის თქმა არ სურდა“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სლოვაკეთის პრემიერს რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს