ამ ზაფხულიდან ვენეციის ცენტრალური ნაწილის დათვალიერების მსურველებს 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამ გზით მერიას ქალაქის ნგრევისგან დაცვა სურს.
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მერიამ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განაცხადა.
ვენეციის ცენტრში მოხვედრა მხოლოდ შლაგბაუმის გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მსურველებმა ბილეთი სპეციალურ საიტზე, წინასწარ უნდა შეიძინონ და მისი მოქმედების ვადა 24 საათი იქნება.
გარდა ამისა, ქალაქს 500-მდე სათვალთვალო კამერით აღჭურავენ, რათა დაიჭირონ ყველა, ვინც კი ცენტრში შეღწევას ბილეთის გარეშე შეეცდება.
ვენეცია, რომლის მოსახლეობაც 55 ათას ადამიანს შეადგენს, ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. ხალხის ნაკადი ქალაქში ნაგავს ტოვებს, ზრდის ხმაურის და სინათლის დაბინძურებას. ეს ყველაფერი მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნის და კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას აზიანებს.
ვენეციაში უკვე დიდი ხანია ცდილობენ ქალაქი დანგრევას გადაარჩინონ და ტურიზმს სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან.