“მივმართავ ძალოვან უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გუშინ დაჭერილი 2 ბიჭი,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მას პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც უერთდება და ისიც გუშინ, პარლამენტის წინ დაკავებული 2 პირის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მათ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე განაცხადეს.
“ისინი იყვნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები და არა ავაზაკები და ყაჩაღები. ავაზაკები და ყაჩაღები თვითონ არიან, ბატონ გახარიას მივმართავ თხოვნით, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს ორი პიროვნება, რათა გააგრძელონ ისევ ჩვენთან ერთად მშვიდობიანი აქციის მსვლელობა,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის წინ კარვების დადგმას ეხება.
“რის საფუძველზეც მიკრძალავენ კარვების დადგმას, რომ თითქოს რაღაც ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რომელიც თურმე შსს-ს დასაბუთებული აქვს. მე ღიად მოვითხოვ, რომ ეს დასაბუთებული წერილი ჩვენც გამოგვიგზავნონ, თუ რა ინციდენტებზეა საუბარი. არ ვარ საქმის კურსში. მინდა, რომ ეს ყველაფერი წერლობით იყოს გამოგზავნილი, განვიხილავთ და გადავწყვეტთ, შემდგომ როგორ ვიმოქმედოთ. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და მოვიწვიეთ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არა მარტო ისინი, ჩვენ არავისთვის ზურგი არ გვიქცევია, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, გადმოვიდეს ჩვენთან ერთად, დადგეს და გაასამართლოს ეს უსამართლობა. გუშინ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი მოსული იყო, კიდევ სხვა პარტიების წარმომადგენლები რეგულარულად გვირეკავენ, დახმარებას გვთავაზობენ, ამ დილასაც დამირეკა ერთ-ერთმა პიროვნებამ, ლიდერებთან კონსულტაციებს დავიწყებთ და დავსახავთ სამომავლო გეგმას, როგორ ვებრძოლოთ ამ მკვლელ ხელისუფლებას,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძის თქმით, შვილმკვდარი მამების პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.
“იქიდან გამომდინარე, რაც ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააგვირგვინა, ასე რომ ვთქვათ, მაინც ტალახს გვესვრიან და ამბობებ, თითქოს “ნაციონალების” მიერ იყო მართული ეს აქცია, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, გუშინდლამდე ეს არანაირი პოლიტიკური აქცია არ ყოფილა და არც იქნებოდა, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, გუშინ რა ინფორმაციაც გვქონდა, რომ აპირებდნენ პროვოკაციებზე წამოსვლას, იმაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ჩვენს დაკავებას აპირებდნენ იმიტომ, რომ თუ დაგვაკავებენ, ეს არაფერს ნიშნავს ჩვენთვის, მაგრამ ხალხის მიმართ აპირებდნენ პროვოკაციებზე წამოსვლას, რაც ნათელი გახდა პოლიციის მხრიდან, მთელი პოლიცია უკანონოდ იქცეოდა. ჩვენ კანონიერად კარვების გაშლის უფლება გვაქვს და ესენი პირდაპირ არაოფიციალურად, უკანონოდ გვარბევენ. აქედან გამომდინარე, დავსხდებით ყველა ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად და გავივლით კონსულტაციებს, რა მეთოდით ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ ეს სისტემა,” – დასძინა სარალიძემ.
“ჩვენ არანაირი პარტიებით არ ვიყავით მართულები. ეს იყო ჩემი და ზაზას პირადად დაგეგმილი აქცია. გუშინ ვიცოდით, რომ რაღაცა იგეგმებოდა. მე და ზაზას “ოცნების” არ გვეშინია. ირგვლივ რომ ხალხი ტრიალებს, ჩვენ მათზე ვზრუნავთ, ჩვენ ვზრუნავთ მთელ საქართველოზე და საქართველოს მომავალზე. ჩვენ ჩვენი თავი არ გვენანება. ეს სისხლიანი რეჟიმი ამ ქვეყანას მშვიდობიანად უნდა მოვაცილოთ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
რაც შეეხება კარვების გაშლის საკითხს, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, დღევანდელ ხელისუფლებას პარლამენტის წინ გაშლილი ორი კარვის ეშინია.
“ამათ ხელისუფლებას წერტილი დაესმება. ზუსტად ამის ეშინიათ. წინა აქციების დროს მე პირდაპირ დამაკავშირეს ვიღაც ძებნილ მაჩალიკაშვილთან, ჩემი თემიდან და გარემოცვიდან არც ერთი ადამიანი კარვიდან არ აუყვანიათ. ეს იყო ისევ და ისევ ხალხის თვალში ნაცრის ჩაყრა. ეს იყო ისევ და ისევ ბინძური ჭორები, ყველაფერს აკეთებენ, რომ თვითონ გადარჩნენ და გაანადგურონ ეს ქვეყანა,” – დასძინა მაჩალიკაშვილმა.
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა 25 წლის წინ, სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
