ზეინმა ახალი დისკი დააანონსა. ინგლისელი მომღერალი მეხუთე სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – Konnakol, 17 აპრილს გამოუშვებს.
არტისტმა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – Die for Me კლიპის თანხლებით, 6 თებერვალს წარადგინა.
ზეინის ბოლო ლონგფლეი – Room Under the Stairs, 2024 წლის მაისით თარიღდება. ამასთან, შარშან შემსრულებელმა ჯისუსთან კოლაბორაცია – Eyes Closed შემოგვთავაზა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალი კრებულის მხარდასაჭერად, ზეინი პირველ მასშტაბურ ტურნეს გამართავს და 12 მაისიდან 20 ნოემბრამდე, 31 კონცერტს ჩაატარებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ზეინი სოლო კარიერამდე, One Direction-ის წევრი იყო. ის ბოიბენდს 2015 წელს გამოეყო, 2016 წელს კი, ჯგუფმა ნაილ ჰორანის, ჰარი სტაილზის, ლუის ტომლინსონისა და ლიამ პეინის შემადგენლობით, უვადო შემოქმედებითი პაუზა აიღო. ეს უკანასკნელი 2024 წელს, ტრაგიკულად დაიღუპა.
ზეინი მუსიკალურ ასპარეზზე როგორც დამოუკიდებელი არტისტი, 2016 წლიდან გამოჩნდა. მალიკი კოლექტივიდან პირველი იყო, ვინც სოლო კარიერა დაიწყო და იმავე წლის მარტში, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Mind of Mine გამოუშვა.