LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურიკო ცხრა თვე გვაჩვევდა იმ ტკივილს, რომელიც მეგონა განელდებოდა, მაგრამ ვერ… ცხრა თვე უბრალოდ ეძინა… სანამ მისი გული ბოლოჯერ დაიბათქუნებდა… ცოტანი ვართ… ერთი დიდი კაცით ცოტანი!“ – სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილზე

149
სანდრო ელოშვილი

16 თებერვალს, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 57 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სანამ ზურა ბერიკაშვილს ინფარქტი დაემართებოდა, ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრებთან ერთად და ამ შეხვედრას „სალონური საღამოები“ დაარქვეს… მას შემდეგ კი, რაც ზურა გარდაიცვალა, ასეთ საღამოზე არც შეკებილან, რადგან იმ რეალობისთვის უჭირთ თვალის გასწორება, რომ ზურა აღარ არის..

„სალონური საღამოები ერქვა პანდემიის დროს სმაში ღამის თენებებს დილის ხუთ საათამდე, სანამ კომენდანტის საათი არ მოიხსნებოდა ხოლმე… მერე როდესაც მოვუხშირეთ და მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა შენიშვნა მოგვცეს, ამდენი არ შეიძლებაო, ტელეკომპანია „ევრიკაზე“ წლების წინ რომ გადაცემა „სალონი“ გადიოდა, იმის ინსპირაციით ჩვენს ბოჰემურ ღამეებს „სალონური საღამოები“ დავარქვით.

მერე კი იყო ის 2023 წლის დეკემბერი, დილით დამირეკა, როგორც იცოდა ხოლმე დაწყება – შენა… 
და ამ „შენას“ მოყვებოდა რაღაცის დაგეგმვა, რაღაც „სალონურის“ მერე კი… მოგვიანებით დამირეკა მეგობარმა და ზურიკოს ინფარქტი დაემართაო… კლინიკის ეზოში კი ამბობდნენ, ახლა გათიშულია, ჯერ გონს უნდა მოვიდეს და მერე ვნახოთო…

გონს ვეღარ მოვიდა… 

იწვალა მეთქი – ვერ ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში მინდა ასე მჯეროდეს, რომ ის ცხრა თვე უბრალოდ ეძინა… სანამ მისი გული ბოლოჯერ დაიბათქუნებდა… 

ცხრა თვის განმავლობაში, სანამ ადამიანი დაიბადება, ჯერ თითქოს გვამზადებს რაღაც სიახლისთვის ჩვენს ცხოვრებაში…

ზურიკო კი ცხრა თვე გვაჩვევდა იმ ტკივილს, რომელიც მეგონა განელდებოდა, მაგრამ ვერ… ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ თავი გვტკივა მის გარეშე, ჩვენს თავს ვერ შევეჩვიეთ უიმისოდ…

ვიხსენებ, ბოლოს როდის შევიკრიბეთ ის მეგობრები ერთად „სალონურ საღამოებში“ რომ ვმონაწილეობდით და… მას მერე აღარასდროს!.. და არა იმიტომ, რომ მარტო ზურიკოს შეეძლო ასეთი რამეებისთვის თავის მობმა, უბრალოდ ერთმანეთის ნახვის გვეშინია, რადგანაც მოგვიწევს თქმა… ჰო, ის აღარ არის! 

ასე კი უფრო ადვილია… რას შვება ბერიკა? რავი, ორი წელია არ მინახავს…

მის ბოლო თუ ბოლოს წინა დაბადების დღეზეც, რომელიც ერთად ავღნიშნეთ „სალონური საღამოების“ სტატუსით, ბევრნი ვიყავით, იმაზე ბევრნი ვიდრე სამ ოთახიან „ხრუშოვკაში“ უნდა შეიკრიბოს… 
დღეს კი… ცოტანი ვართ… ერთი დიდი კაცით ცოტანი!

შენა… სადაც ხარ, იქ გილოცავ ბერიკიტო! ❤“, – წერს სანდრო ელოშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g