მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქაგადებისას განაცხადა.
„დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს. აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში. ხშირად ვფიქრობთ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე და მოაქცია ქართველი ერი. ვმადლობთ უფალს, უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღამავსებელს, რომ გვაძლევს მადლს, ვაკეთოთ ღვთის საქმე“,- აღნიშნა ილია მეორემ.
პირველ წირვას ახალ ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
ბოდბეში საზეიმო ლიტურგიას ივანიშვილი, ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი ესწრებიან
პატრიარქმა ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა. ამასთან, პატრიარქმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დალოცა.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა. 2012 წელს კი დაუსრულებელ ეკლესიაში პირველად ნინოობის საზეიმო წირვა – ლოცვა აღევლინა. 2014 წლის დეკემბერში გადაიხურა გუმბათი და აღიმართა ჯვარი.