LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2008 წელს რომ გავიმარჯვეთ, მაშინვე დავისახეთ მიზანი, თუ შანსი მოგვეცემოდა, დიდების „ევროვიზიაზე“ გავიდოდით…“ – „ბზიკები“ 18 წლის შემდეგ, „ევროვიზიის“ დასაპყრობად ემზადებიან

1454
ბზიკები

თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ჯგუფ „ბზიკების“ წევრები მარიამ თათულაშვილი, მარიამ კიკუაშვილი და გიორგი შიოლაშვილი სტუმრობდნენ. ჯგუფი, რომელმაც 2008 წელს საბავშვო „ევროვიზიაზე“ გაიმარჯვა, 18 წლის შემდეგ, დიდების „ევროვიზიის“ დასაპყრობად ემზადება. რას საქმიანობენ ახლა, როგორ შეიკრიბნენ წლების შემდეგ და რა მოლოდინებით ემზადებიან კონკურსისთვის – ჯგუფის წევრები საკუთარ ისტორიას გვიზიარებენ.

Posted by Tata Sadradze on Thursday, January 22, 2026

როგორ მოხდა თქვენი, ასე ვთქვათ, ახლიდან აღმოცენება, როგორ შეიკრიბეთ?

გიორგი შიოლაშვილი: 2008 წელს, საბავშვო „ევროვიზიაზე“ რომ გავიმარჯვეთ, გამარჯვების შემდეგ, გვქონდა ასეთი იდეა და სურვილი, რომ როდესაც გავიზრდებოდით, უკვე დიდების „ევროვიზიაზე“ წავსულიყავით და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ხდება და „პირველი არხის“ დამსახურებით, 2026 წელს, დიდების „ევროვიზიაზე“, ვენაში მივდივართ.

სამი წლის წინ, იყო საბავშვო „ევროვიზიის“ 25 წლის საიუბილეო თარიღი, სადაც „ევროვიზიის“ ყველა მონაწილე იყო მიწვეული და ასე ვთქვათ, ზრდასრულ ასაკში უკვე მაშინ გვქონდა დაბრუნება „ევროვიზიის“ სცენაზე. ამ პერიოდის შემდეგ, სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი, ხომ არ წავსულიყავით „ევროვიზიაზე“ ახლო მომავალში. შემდეგ, მოხდა ის, რომ ჩვენთან ჩამოვიდა საბავშვო „ევროვიზია“ და მიგვიწვიეს სტუმრის სტატუსით. გავაკეთეთ ახალი სიმღერა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაგვიწერა და გვქონდა კიდევ ერთი დაბრუნება. ამის შემდეგ, „პირველი არხის“ გადაწყვეტილებით, ხალხის მოთხოვნით და ჩვენი ძალიან დიდი სურვილით, მოხდა ის, რომ ვენაში მივდივართ.

მარიამ თათულაშვილი: 2008 წელს რომ გავიმარჯვეთ, მაშინვე გვქონდა ამის ძალიან დიდი სურვილი და დავისახეთ კიდევ ერთი მიზანი, რომ თუ შანსი მოგვეცემოდა, ამ შანსს გამოვიყენებდით და დიდების „ევროვიზიაზე“ გავიდოდით. ეს ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი დიდი სურვილია.

Posted by Tata Sadradze on Thursday, January 22, 2026

ბოლო დროს, გიორგის ხშირად ვხედავთ კლასიკური მუსიკის ფესტივალებზე, გოგონებო,  თქვენ რას საქმიანობთ ახლა?

მარიამ თათულაშვილი: ჩემი პროფესია სრულიად განსხვავებულია, საერთოდ არ უკავშირდება მუსიკას. ვარ ექიმი-ორთოდონტი, ვმუშაობ სამედიცინო სფეროში.

ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს შანსი, გავიდეთ დიდების „ევროვიზიაზე“, რაც ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ცოტას ვნერვიულობთ, მაგრამ ეს კარგი ნერვიულობაა და გვჯერა, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

მარიამ კიკუაშვილი: მეც მუსიკისგან განსხვავებულ სფეროში წავედი, ეკონომიკის განხრით, თუმცა ამ ეტაპზე, კიდევ სხვა სფეროში ვმუშაობ, ვმუშაობ მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში, უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.

მაინც, ყოველთვის ყველაზე კომფორტულად სადაც ვგრძნობ თავს და სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ, არის სცენა, ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთად. მართლა ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი, საქართველოს სახელი გავიტანოთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისევ წარმატებით და გამარჯვებით დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში.

სამზადისის დროს, ძალიან საინტერესო გაცნობითი ტურები იგეგმება ხოლმე, მაინტერესებს, რომელ ქვეყანას ესტუმრებით და სად წარადგენთ საქართველოს, მანამ, სანამ დიდ სცენაზე გამოხვალთ?

გიორგი შიოლაშვილი: უკვე დაგეგმილია წინა საევროვიზიო პრეფართის კონცერტები, სადაც „ევროვიზიის“ იმ წლის ყველა მონაწილე ჩადის და „ევროვიზიის“ გულშემატკივრებისთვის აკეთებს კონცერტს და წარადგენს თავის სიმღერას. კონცერტები დაგეგმილია ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, ჩვენ სად წავალთ, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, ვნახოთ…

ერევით თუ არა სიმღერის შერჩევაში, თუ აფიქსირებთ თქვენს აზრს?

მარიამ კიკუაშვილი: რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ, რაღაც მხრივ, გიგასთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აზრი გაითვალისწინოს და რა თქმა უნდა, იცის კიდეც, რადგან გიგა ყველაზე კარგად გვიცნობს, გიგასთან ერთად მოვდივართ 2008 წლიდან.

ალბათ, ისევ მხიარული, პოზიტიური სიმღერა იქნება, ხალხს ეს ყველაფერი მოსწონს, ჯგუფს ეს უხდება. ვფიქრობთ, ამ კუთხით წავალთ, თუმცა საბოლოოდ, ჯერ მაინც არ ვიცით, როგორი იქნება ეს ყველაფერი.

რას ფიქრობთ, როგორია შანსები, რას იზამთ, როცა „ევროვიზიაზე“ წახვალთ?

მარიამ თათულაშვილი: შანსები, ალბათ, გვაქვს, რადგან თუნდაც ჩვენი ერთი ვიდეოც რომ დავდოთ, მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ძალიან დიდი ყურადღებაა ხალხის მხრიდან, ბავშვობიდან ძალიან ვუყვარვართ. გვაქვს, ძალიან დიდი სურვილიც და მაქსიმალურად ვართ, ჩართულები, ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ წამრატებას მივაღწიოთ. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამომგვივა.

გიორგი, კონკურსების დიდი გამოცდილება გაქვს, რა ემოცია გეუფლება, როცა შენს ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით წარადგენ?

გიორგი შიოლაშვილი: კი ბატონო, მე როგორც პიანისტი, ბევრ კონკურსში ვმონაწილეობ და ამის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ზოგადად, მიყვარს კონკურსები, რაც უნდა გასაკვირი იყოს და მიყვარს იმიტომ, რომ საკუთარი თავის განვითარებაში მეხმარება და არა იმიტომ, რომ დავუშვათ, ვიღაცას შევეჯიბრო, ვინმეზე მეტი ვიყო, ან ვინმე შემეჯიბროს. კონკურსის დროს ყველაზე კარგი ის არის, რომ პედანტური მუშაობა გიწევს და მომწონს ეს პედანტური მუშაობა.

მეც და გოგონებსაც გვსურს, რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი ვაჩვენოთ ხალხს, გვინდა, რომ სიყვარული და დადებითი ენერგია წავიდეს სცენიდან და შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა იმისთვის მივდივართ კონკურსზე, რომ გამარჯვება, ხალხის, ახლობლების გახარება გვინდა. ჩვენ, უბრალოდ, გვიყვარს მუსიკა, გვინდა ჩვენი საქმის კეთება, ხალხის გულების გახარება და სცენაზე დაბრუნება.

როცა ადამიანი კონკურსზე გადიხარ, ყველაფრისთვის მზად ხარ, მაგრამ მაინტერესებს, როგორ ეგუებით, მაგალითად, ქულების დაკლებას?

მარიამ კიკუაშვილი: სხვათა შორის, არ გვქონია ეს მომენტი, რადგან 2008 წელსაც ბევრი უმაღლესი ქულით შევფასდით.

მარიამ თათულაშვილი: წაგება არ გვიყვარს.

გიორგი შიოლაშვილი: და არ გვიგემია დაბალი ქულები არასდროს… (იცინის).

მარიამ კიკუაშვილი: რადგან არ გვქონია მსგავსი გამოცდილება, ვერ გეტყვით. მაინც, ვფიქრობ, რომ შემართებით მივდივართ.

მარიამ თათულაშვილი: მაქსიმალური პოზიტივით, კარგი განწყობით და კონცენტრაციით მივდივართ.

რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა? გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს, ხშირად არ ჩანდით, მაინტერესებს, სიმღერებს თუ წერდით?

მარიამ თათულაშვილი: რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ალბომი. გადაღებული გვაქვს ძალიან ბევრი კლიპი.

ჩემი და მარიამის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, სხვა ეტაპი დადგა, სხვა მიმართულებით წავედით, მაგრამ ჩვენთვის, სამივესთვის სცენა არის ის ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება გვინდა, რომ ვიდგეთ, გავცეთ დადებითი ემოცია და ანალოგიურად, დადებითი ემოცია და სიყვარული მივიღოთ. მუსიკა მაინც ყოველთვის იყო ჩვენს ცხოვრებაში, თავისი ადგილი ეკავა და ახლაც უკავია.

magti 5g