კლასიკური სუპერქარების ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო გარიგება შედგა. ონლაინ აუქციონზე Bring a Trailer 2005 წლის Lamborghini Murciélago Roadster 260 ათას დოლარად გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გარბენი 50 ათას კილომეტრს აღემატება.
ერთი შეხედვით თანხა საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა კოლექციონერებისა და ბაზრის ექსპერტების შეფასებით, მყიდველმა ავტომობილი საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად იაფად შეიძინა. დღეს ამ მოდელის კარგად შენახული ეგზემპლარები ხშირად 370-390 ათას დოლარად ფასდება.
აუქციონზე გაყიდული Murciélago ორიგინალურ მდგომარეობაშია და გამორჩეული ნარინჯისფერი შეფერილობით – Arancio Atlas-ით არის წარმოდგენილი. ავტომობილი აღჭურვილია 6.2 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 572 ცხენის ძალასა და 650 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ექვს საფეხურიანი E-Gear ტრანსმისიის მეშვეობით ოთხივე ბორბალს გადაეცემა.

მიუხედავად ასაკისა, ავტომობილს სერიოზული ავარიების ისტორია არ აქვს. გასულ წელს მას სრული ტექნიკური მომსახურებაც ჩაუტარდა, თუმცა იდეალურ მდგომარეობაში მაინც არ იმყოფება.
სუპერქარს აღენიშნება საღებავის საფარის გარკვეული დეფექტები, სალონში კი ექსპლუატაციის შესამჩნევი კვალია დარჩენილი. ასევე დაზიანებულია მარცხენა კარის შიდა სახელური, ვენტილაციის ერთ-ერთი დეფლექტორი და საფერფლის სახურავი.

გარდა ამისა, ავტომობილს არ მოჰყვება ქარხნული მყარი სახურავი. მფლობელს მხოლოდ დროებითი ტენტი აქვს, რომელიც გაჩერებულ მდგომარეობაში გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. კიდევ ერთი პრობლემა გამონაბოლქვის სისტემას უკავშირდება, არსებული კონფიგურაციით ავტომობილი ეკოლოგიურ შემოწმებას ვერ გაივლის.

თუმცა ყველა ამ ნაკლოვანების მიუხედავად, ექსპერტები გარიგებას წარმატებულ ინვესტიციად აფასებენ. მიზეზი მარტივია – პირველი თაობის Murciélago უკვე თანამედროვე კლასიკის სტატუსს იძენს. განსაკუთრებით ფასდება ის ფაქტი, რომ ავტომობილი აღჭურვილია ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც ავტომწარმოებლების უმეტესობისთვის უკვე წარსულის ნაწილად იქცა.