რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ კახაბერ ცისკარიძე და ქრისტინე იმედაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ასერტიზმი“ პრემიერა შედგა.
მოგვიყევით თქვენს ახალ ნამუშევარზე – „ასერტიზმი“.
კახაბერი: თქვენს ეთერში პირველად გავაჟღერებთ სიმღერას „ასერტიზმი“, რომელიც 25 წლის წინანდელი სიმღერაა და რომელიც ქართულ ენაზე წელს პირველად გაჟღერდა. რამდენიმე თვეა, რაც ეს სიმღერა ჩავწერეთ. ქრისტინემ შემომთავაზა, რომ სიმღერის რილსი ლიფტში გაგვეკეთებინა.
რას ნიშნავს „ასერტიზმი“?
კახაბერი: ქართულ ენაში არ არის ასეთი სიტყვა, ინგლისური სიტყვაა, თუმცა ამის მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის საკუთარი პოზიციის და სათქმელის სწორი ფორმით გადმოცემა, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ არც თავის თავს უღალატოს და არც სხვისი ინტერესი დააზიანოს. ეძღვნებათ წყვილებს, რომელთაც ეს აკლდათ და რომელთაც ეს დროულად არ გააკეთეს. შესაბამისად, ეს სიმღერა დაშორებულ წყვილზეა.
ქრისტინე: კომუნიკაციის პრობლემა არა მხოლოდ წყვილებშია, არამედ ზოგადად ადამიანებში და ეს უნარი ყველასთვის სასურველია.

25 წლის შემდეგ, ახლა რატომ გადაწყვიტეთ ამ სიმღერის ჩაწერა?
კახაბერი: ეს ჩემი სიმღერების, ნოსტალგიური პერიოდის სხვა სახით გაცოცხლების ერთ-ერთი ფორმაა. ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა სასიამოვნო, მელოდიურია, რაც, დღესდღეობით, ჩვენს პოპ მუსიკაში იშვიათია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს დუეტი გაგვეკეთებინა.
სამომავლოდ, ამ სიმღერას, ალბათ, ხშირ შემთხვევაში ქრისტინე შეასრულებს, იქნება მის პროგრამაში, ჩემთვის ეს სუფთა ავტორ-შემსრულებლის და პროდიუსერული ნაშრომია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის აზრი, რადგან აქ მუსიკალური ფორმატი არის ძველიც და თან ახალიც. სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, ერთად გავაკეთეთ არანჟირება. ჩემია ტექსტიც და მუსიკაც.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში, კარიერაში?
ქრისტინე: მე რაღაც სიმღერას ვამზადებ, ჯერ, ზუსტად არ ვიცი თარიღები, თუ როდის იქნება მზად, მაგრამ ვფიქრობ, რომ მალე. ჯერჯერობით, ამ სამუშაო პროცესში ვარ.
ერთ სოლო სიმღერას კახაბერიც აკეთებს ჩემთვის.
კახაბერი: გარდა კახაბერის და „ხანუმებისა“, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, ვცდილობ, სიმღერების გაცოცხლებას და კარგი, საინტერესო კომპოზიტორების გაცნობას.
ძალიან საინტერესო პროექტები ჩავწერე „ხანუმებთან“ ერთად და მალე მოგაწვდით. შემდეგი იქნება „ხევსურული ნანა“, რომელიც ძალიან საინტერესოა, ადამიანს მედიტაციაში აგდებს, იმდენად ძლიერია.
კახაბერი & ქრისტინე – ასერტიზმი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კახაბერი & ქრისტინე. “პრემიერა თაკოსთან”
ფოტოები




