საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, დღეს – 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. აღნიშნული ავიარეისს კომპანია Georgian Airways განახორციელებს.
დადგენილი წესის თანახმად, მთავრობასთან შეთანხმებულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია ქართულმა ავიაკომპანიამ განახორციელა რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით.
„მიმდინარე წლის 5 აპრილს, კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. როგორც კომპანიის ტექნიკური პლატფორმის მონაცემები აჩვენებს, 10:02 წუთზე სისტემამ რეალიზაციისთვის გამოიტანა 10 ბილეთი, მოცემულ მომენტში საიტზე ერთდროულად შემოსული იყო 4953 მომხმარებელი და ამ 10 ბილეთის ყიდვას შეეცადა ერთდროულად 1259 მომხმარებელი, ბილეთების რეალიზაცია მოხდა 8-9 წუთის მონაკვეთში. მომხმარებელთა მაღალი ნაკადის გამო, სისტემას შეექმნა ტექნიკური ხარვეზი და დროებით შეწყდა ბილეთების რეალიზაცია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც განახლდება ეტაპობრივად ბილეთების რეალიზაციის პროცესი“, – წერდა 5 აპრილს Georgian Airways ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.