19 აპრილს, ტეილორ სვიფტმა მე-11 სტუდიური ალბომი – The Tortured Poets Department გამოუშვა. დისკის გამოსვლის შესახებ მან თებერვალში, ყველასთვის მოულოდნელად ,,გრემიზე“, ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
აღმოჩნდა, რომ ამერიკელი მომღერალი გულშემატკივარს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებდა, რომელმაც დღის სინათლე ახალი დისკის რელიზიდან 2 საათში იხილა.
საქმე ისაა, რომ 34 წლის შემსრულებელმა ორმაგი ალბომი წარადგინა. ფირფიტა როგორც სტანდარტული, ასევე დამატებითი, მეორე ნაწილით, სახელწოდების – The Antology ქვეშ გამოვიდა.
ტეილორ სვიფტმა ახალი ,,ორმაგი” ალბომი, The Tortured Poets Department გაავრცელა
დისკი, რომლითაც 21-ე საუკუნის ყველაზე გავლენიანი არტისტის მიღწევებში უკვე ახალი რეკორდები იწერება, საერთო ჯამში 31 სიმღერას აერთიანებს. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მათგანში, არაერთი მინიშნებაა და ისინია ნახსენები, ვინც მის კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა.
მუსიკოსის მსმენელთა თქმით, მარტივი მისახვედრია, რომ კომპოზიციაში – Thank You Aimee, რომელიც სტილიზებულია როგორც thanK you aIMee, კიმ კარდაშიანის სახელი იშიფრება.
,,შენ ის შეცვალე, მაგრამ არ მგონია თავად დიდად შეცვლილიყავი.
ასე რომ, მე ვცვლი შენ სახელს და ნებისმიერ შენ განმსაზღვრელ რეალურ მინიშნებას; და როცა ერთ დღეს, შენი შვილი სახლში დაბრუნდება სიმღერით, მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება, რომ ის შენზეა“, – მღერის სვიფტი.
როგორც ჩანს, ტეილორ სვიფტს სელებრითის მიმართ, წყენა ამ დრომდე არ განელებია. მან შარშან, TIME-თან ინტერვიუში, რომელმაც ის ,,წლის პერსონად” დაასახელა, აღიარა, რომ კანიე უესტთან კონფლიქტისას, კიმ კარდაშიანმა ,,ფსიქოლოგიურად გაანადგურა”.
„მან ჩემი ფსიქიკა გაანადგურა“ – ტეილორ სვიფტი კიმ კარდაშიანზე ალაპარაკდა
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ 2009 წელს, MTV Video Music Awards-ზე დაიწყო.
ყველასთვის ცნობილია, რომ მაშინ, როცა ტეილორ სვიფტმა ნომინაციაში ,,ქალი შემსრულებლის საუკეთესო ვიდეო” გაიმარჯვა და სცენაზე ჯილდოს მისაღებად და მადლობის სათქმელად ავიდა, მას კანიე უესტმა სიტყვით გამოსვლა არ დააცადა, მიკროფონი გამოართვა, მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა და საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კატეგორიაში, ბიონსეს უნდა მოეგო.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით უესტმა ამ საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, დაპირისპირება 2016 წელს კვლავ განახლდა, როცა უესტმა სიმღერა – Famous გამოუშვა – ტრეკი, რომლის ტექსტში სვიფტის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებია გამოყენებული. კიდევ უფრო ხმაურიანი ფიდბექი ჰქონდა ამ კომპოზიციის კლიპს, რომელშიც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, კანიეს ცნობილ საწოლში მის გვერდით, ტეილორის შიშველი ცვილის ფიგურა წევს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ეს დეტალი წინასწარ იყო შეთანხმებული სვიფტთან, რასაც ტეილორი უარყოფდა. მოგვიანებით უესტის იმჟამინდელმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა არალეგალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამ საკითხის განხილვისას, კანიესა და ტეილორის საუბარი იყო ჩაწერილი. ამ უკანასკნელის თქმით, ჩანაწერი კიმის მიერ უხეშად რედაქტირებული იყო. კარდაშიანის ვიდეოს ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სვიფტს ყველა ,,გველად” მოიხსენიებდა, რის საპასუხოდაც მან 2017 წელს სინგლი – Look What You Made Me Do და მასზე გადაღებული მუსიკალური რგოლი გამოაქვეყნა. სიმღერა, რომლის ტექსტიცა და ვიზუალური შინაარსიც მის მოწინააღმდეგე წყვილის დამოკიდებულებაზე ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა, სვიფტის ახალი მუსიკალური ეპოქის დასაწყისად იქცა. მან ამ ნამუშევრით წარსულში დატოვა კარიერა, რომლის პოპულარობის მთავარ ფაქტორად კანიე საკუთარ თავს აცხადებდა.
ფაქტია, რომ დავა მხარეებს შორის, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.