LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტია, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და ახლა დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი…“ „არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა…“ – საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რას აცხადებენ დაცვის და ბრალდების მხარეები

189
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

„ძალიან რთულია სერიოზულად ვისაუბროთ იმ აბსურდზე და იმ სპექტაკლზე, რაც დღეს სასამართლო დარბაზში გათამაშდა“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ბასილაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

„ძალიან რთულია სერიოზულად ვისაუბროთ იმ აბსურდზე და იმ სპექტაკლზე, რაც დღეს სასამართლო დარბაზში გათამაშდა. მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე მისჯილი რამდენიმე წელი და ის იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში. ამ დროს პროკურატურა ითხოვს, რომ მას დამატებით შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება საქმეზე, რომლის განხილვაც ფაქტობრივად მორჩენილია. მოსამართლე შეიცვალა და ახლა იწყებენ ხელახლა განხილვას 3 წლის წინანდელ საქმეზე. 2021 წლის ბრალდების საქმეზე ითხოვენ პატიმრობის შეფარდებას იმ ვითარებაში, როდესაც ერთ ბრალდებულს ვერ იპოვით, ვისაც თავისუფლების აღკვეთა აქვს სასჯელად და ამავე დროს პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული. სასამართლოში არის პრაქტიკა და იგივე პრაქტიკა იყო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, როდესაც ის დააკავეს, პატიმრობა რომელ საქმეზეც ჰქონდა შეფარდებული, გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება. დღეს არ ვიცი რა შიშების გამო მოიქცნენ ასე. ალბათ, ამნისტიის კანონი შეიძლება იყოს იმდაგვარი, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეხოს და გათავისუფლდეს თუ სხვა პროცედურის შიში აქვს ხელისუფლებას, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და ახლა დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი. ჩვენ აქამდე გვინახავს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, გვქონია დისკუსია, რომ კი არის შერჩევითი მართლმსაჯულება, მაგრამ იქნება ბრალდებას რაღაც საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ მსგავსად სულელური გადაწყვეტილება, როდესაც ფაქტობრივად ნულოვანი სამართლებრივი საფუძველი არსებობს გადაწყვეტილების მისაღებად და სასამართლო ასი პროცენტით იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამაზე დიდი აბსურდი, ამაზე დიდი სისულელე სამართლებრივ სივრცეში კი არა ყოფით დონზეც რთულად საპოვნელია“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემაც. როგორც ის განმარტავს, ორივე ინსტანციის სასამართლოში არსებობს პრეცედენტი, როცა მისჯილ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გია ბარამიძე: „ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება“

„სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქმის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, კანონში არანაირი გამონაკლისი არ არსებობს გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მოსამართლე სათადარიგოა. რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების საკითხს და რატომ დააყენა ბრალდების მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა. როდესაც მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველ ეტაპზე ბრალი წარედგინა, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იყო და ძირითადი მოწმეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მამხილებელ ჩვენებას აძლევენ, ის მოწმეები, რომლებმაც მას არამხოლოდ ხელი შეუწყვეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, არამედ, მის გადაადგილებაში მიიღეს მონაწილეობა, ისინი თავიდან უნდა დაიკითხონ. მოცემულ შემთხვევაში, როცა მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა, ნამდვილად, ბრალდების მხარემ მხოლოდ წინა სასამართლო სხდომა განსაზღვრა, ვინაიდან იმ ეტაპზე მოწმეებზე ზემოქმედების და არც სხვა საფრთხეები არ არსებობდა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა პატიმრობა გამოყენებულიყო. ახლა შემდეგი მოცემულობა გვაქვს: პირველი, ის გარემოება, რომ ის პირები, ვისაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების ეტაპზე ჩვენება აქვთ მიცემული, სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხონ. თქვენი ყურით მოუსმინეთ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უდანაშაულოა, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რაც მიუთითებს, რომ ყველა მტკიცებულება არსებით გამოკვლევაზე უნდა მოხვდეს. ნამდვილად არსებობს მათზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ახლა კონკრეტულად, თუ როგორი ფორმით შეიძლება მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. კანონმდებლობა განმარტავს, პროკურორი ვალდებულია, საფრთხის არსებობა დაადასტუროს. ეს საფრთხე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არსებობს, რომ მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რათა მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალოს. კონკრეტულად, როგორ და რა ფორმით შეიძლება ბრალდებულმა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ამაზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობის ნაწილში ისაუბრა და სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა. დაცვის მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ელგუჯა ცომაიას, წოწორიების და სხვათა მიმართ. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პრეცედენტი არსებობს არამხოლოდ პირველ ინსტანციაში, არამედ მეორე ინსტანციაში, როცა მისჯილ ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს. სასჯელის მიზანი სხვა რამეა, აღკვეთის ღონისძიების მიზანი – სხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ სახელმწიფოს საზღვარი, ბუნებრივია, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებების მიმცემ პირებზე გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს. ბრალდების მხარემ ეს საფრთხე დაინახა, დაასაბუთა და სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა“ – განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g