LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15 სექტემბრის კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამოსვლა იქნება“ – სანდრო ნებიერიძე „ღამის სერენადების“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტზე

601
სანდრო-ნებიერიძე

10 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ სანდრო ნებიერიძე სტუმრობდა, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში, 15 სექტემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

წლებია ვმეგობრობ ფესტივალთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ მასშტაბისა და ისტორიის მქონე ფესტივალთან თანამშრომლობა, ყოველთვის სიამოვნებით ვასრულებ როგორც საავტორო ნამუშევრებს, ისე მსოფლიო კლასიკის ნაწარმოებებს. 2005-2006 წლებში სწორედ „ღამის სერენადები“ იქცა იმ ინსპირაციად, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა საკუთარი თავის კლასიკურ მუსიკაში მოძიება და ამ ჟანრში საკუთარი წვლილის შეტანა. განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება, ბორჯომში მოწყობილი ფესტივალი, როცა თავად ქალბატონი ლიანა სოლირებდა სიმფონიური ორკესტრი კი, აკომპანემენტს უწევდა. მოგვიანებით ბატონები გიორგი ისაკაძე, ვახტანგ მაჭავარიანი და ქალბატონი ნინა ცაგარელი გავიცანი, რომლებიც ფესტივალის ორგანიზებაზე, მის მასშტაბურობასა და ხარისხზე ზრუნავენ. სწორედ „ღამის სერენადების“ ფარგლებში განხორციელდა ჩემი მეორე საფორტეპიანო კონცერტის და ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ მიხედვით დაწერილი საფორტეპიანო პარაფრაზის პრემიერა. უამრავი დაუვიწყარი საღამო მაჩუქა ფესტივალმა მეც და მუსიკის მოყვარულებსაც.

წელს ძალიან სპონტანურად, მეტწილად როგორც მსმენელი ვეწვიე ფესტივალს ბათუმში. თუმცა, ერთ საღამოს გაირკვა, რომ ვივალდის „წელიწადის დროების“ შესასრულებლად ორკესტრს ჩემბალო აკლდა. რა თქმა უნდა, ბაროკოს ეპოქის მუსიკა წარმოუდგენელია ამ ინსტრუმენტის გარეშე, ამიტომ საკუთარ თავზე ავიღე პრობლემის მოგვარება, რამდენიმე რეპეტიცია გავიარეთ და ბრწყინვალედ მოვერგე ორკესტრს. მიხარია, რომ არა მხოლოდ საინტერესო ჟღერადობა მივიღეთ, არამედ შესანიშნავი კონცერტი ჩავატარე ჩემს მეგობართან ელვინ ჰოჯა განიევთან ერთად.  

15 სექტემბრის კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამოსვლა იქნება, რადგან დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩამოვიტანე საფორტეპიანო კონცერტი, თუმცა ევროპაში უკვე შვიდჯერ შევასრულე. 2-3 წელია არ დამიკრავს ორკესტრთან ერთად როგორც სოლისტს. ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტი იქნება, რადგან ერთის მხრივ, ქართველი მსმენელის და იმ ადამიანების წინაშე წარვდგები, ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩემს მუსიკალურ აღზრდაში, მეორეს მხრივ, ისეთ რთულ ნაწარმოებს შევასრულებ, როგორიც რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტია. კლასიკურ მუსიკაში სამი ნაწარმოებია მიჩნეული ურთულესად – პროკოფიევის მეორე, ბრამსის მეორე და სწორედ რახმანინოვის მესამე კონცერტი. უზარმაზარი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ენთუზიაზმით ვემზადები და მოუთმენლად ველი კონცერტს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქართული მუსიკალური საზოგადოება, რადგან სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ჩემს ჩამოყალიბებას. 5 წლიდან 20 წლამდე, გერმანიაში წასვლამდე სწორედ ისინი ესწრებოდნენ ჩემს კონცერტებს სისტემატურად, ყოველთვის იცოდნენ რას ვაკეთებდი და როგორ ვაკეთებდი. ძალიან მაინტერესებს ახლა როგორ შეხვდებიან და რამდენად მოიწონებენ ჩემს შესრულებას.

მართლაც უნიკალური მოვლენაა ბეატრიჩე ვენეცი, რადგან ძალიან იშვიათია ქალი დირიჟორი. ამასთანავე ულამაზესი, საოცრად ქარიზმატული ქალბატონია. გასულ წელს, „ღამის სერენადების“ ფარგლებში პირველად  მომეცა მისი მუშაობის ნახვის საშუალება, როცა სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავისი არტისტიზმითა და ნამდვილი იტალიური ტემპერამენტით. დარწმუნებული ვარ, 15 სექტემბრის კონცერტიც ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ რეპეტიციას, რადგან მასთან ერთად არა მხოლოდ სცენაზე, არამედ რეპეტიციის დროსაც ძალიან საინტერესოა მუშაობა.

სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს. კიდევ ერთ კონცერტს, სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში გავმართავ საქართველოში ჩემს მეგობრებთან და კონსერვატორიის ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად, მერე გერმანიაში დავბრუნდები, სადაც რამდენიმე პროექტზე დავიწყებ მუშაობას, ნოემბრის თვეში კი, იტალიაში ერთ-ერთ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას.

მართალია, გერმანიაში გადასვლის შემდეგ ნაკლებ ნაწარმოებს ვქმნი, მაგრამ მაინც ძალიან პროდუქტიულია ჩემი მუშაობა, რადგან იმას, რაც ადრე 3-4 კვირაში იქმნებოდა ახლა 2-3 დღეში ვწერ. რა თქმა უნდა, მუსიკის წერა ძალიან მძიმე სამუშაოა, თუმცა საოცრად საინტერესო და ემოციურად დატვირთული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g