LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასა ფოცხიშვილი: „ყველაზე მძიმედ დედის წასვლა გადავიტანე… ვნანობ, რომ ბევრი დრო მაქვს გაფლანგული…“

12162
ბასა ფოცხიშვილი - 1

ცხოვრებისეული გამოცდილება და ეტაპები, რომელთა გადალახვა არცთუ ადვილი აღმოჩნდა – რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ პროფესიული კუთხით, გამოცდილება დაეტყო, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობისას ბავშვური გულუბრყვილობა მაინც დარჩა და ყველას გულწრფელობის სჯერა…

ბასა, რა ასაკში მიხვდი, რომ გამოცდილი ადამიანი ხარ?

ცხოვრებისეული თვალსაზრისით, დღესაც არ ვარ გამოცდილი (იღიმის), ხანდახან ისევ სისულელეებს ჩავდივარ. გულწრფელად ვამბობ, რადგან დღემდე ყველასი მჯერა… მერე ვკითხულობ ხოლმე, გაოგნებული, თუ რამე ისე არ მოხდა, როგორ-მეთქი? ადამიანი რასაც ამბობს, იმის მჯერა, თუმცა წლებმა მაჩვენა, რომ ზოგჯერ შეიძლება გულწრფელი არ იყოს. მშვილდოსანი ვარ და ეს ჩემი ზოდიაქოს აღწერაშიც წერია, რომ მე მაინც მჯერა ადამიანების.

პროფესიონალურ გამოცდილებაზე თუ ვისაუბრებთ, ამას ბოლო წლებია, მივხვდი. მანამდე მახასიათებდა შიში და ნერვიულობა, ღელვა ახლაც არის, მაგრამ პროფესიონალიზმი ისეთი რამეა, რომელიც ყველა რთული სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალებას მოგცემს. რთულ სიტუაციებში ღმერთს ვთხოვ ხოლმე, რომ დამეხმაროს, კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც უკვე აღარ არიან, მაგრამ მაინც მეხმარებიან…

ვისი იმედი გაქვს სულ?

ჩემი ოჯახის წევრების და ჩემი მეგობრების. ვიცი, რომ ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, ყველა ქვეყანაში, დამეხმარებიან მაშინაც კი, როდესაც შეიძლება მართალი არ ვიყო. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი. ეს, პატარა რომ ვიყავი, მაშინაც ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო დამშვიდებული ვარ იმ მხრივ, რომ ვიცი, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები მუდამ ჩემთან ერთად იქნებიან.

ოპტიმისტი ხარ?

გამოუსწორებელი!.. სულ მგონია, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.

არსებობს თუ არა ისეთი თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მოგწონდა და წარსულს ჩააბარე?

ცუდი თვისება, რომელიც მქონდა და რომელსაც ვებრძოდი წლები, ვერ შევცვალე… ვიცი, რომ აუცილებლად შესაცვლელია, არასწორია, ზოგი მავნეა ჯანმრთელობისთვის, ზოგიც, მაგალითად, დაგვიანება, უკულტურობაა და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ გამოვასწორე. ადამიანი შედგება თვისებებისგან, რაც 5 წლის ასაკშიც იგივე აქვს და 100 წლის ასაკშიც. ადამიანების შეცვლის არ მჯერა, საწყისი არის ერთი და ბუნება, ჩემი აზრით, არ იცვლება. უბრალოდ, ასაკში ადამიანი ოდნავ რბილდება. მინდა, რომ ადამიანები უფრო მეტად რბილები და ლმობიერები იყვნენ, მათ შორის – მეც. პატიებით ბავშვობაშიც ყველას ყველაფერს ვპატიობდი და დღემდე ასე გრძელდება. ჩემთან მიმართებაში წყენას ადვილად ვივიწყებ, თუმცა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს არ უნდა შეეხონ. არასდროს შევიმჩნევ, მაგრამ სულ მემახსოვრება, ჩემ მიმართ გაკეთებული ცუდი კი არასდროს დამამახსოვრდება…

ვახსენეთ ეტაპები. ყველაზე მარტივად რომელი ეტაპი გადალახე და ყველაზე მეტად რომელი გაგირთულდა?

მარტივად რომელი გადავიტანე, არ მახსოვს და რთული დამამახსოვრდა – მძიმედ, ალბათ, ყველა ჩვენგანს დედის წასვლა გადააქვს. მგონი, ეს ყველას გვაერთიანებს. ვიგრძენი ტკივილი, სიმარტოვე, დაუცველობა… ბავშვობა დამთავრდა…

რაც შეეხება სიმარტივეს, ვიცი, რომ მსუბუქად უნდა გადაიტანო მცირე მარცხი თუ შეცდომა, რაც მე მარტივად ვერ გადამაქვს. შეცდომა პროფესიაში – ეს ძნელად გადასატანია ჩემთვის. თუ არ გამომდის ის ნამუშევარი, როგორსაც თავად ველოდი, საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაკრიტიკებ, ჩემზე კარგად ხომ არავინ იცის, როგორი გამოვიდა. დიდი ხანი ვწვალობ ამ თემაზე… ფანტასტიკური გამონათქვამია – Take It Easy, მაგრამ არ გამომდის. ადამიანების უხეშობას გავატარებ და ჩემს შეცდომას – ვერა… ვამბობ, რომ ეს ძალიან ცუდი თვისებაა…

დეპრესიული მომენტი თუ გქონია?

დეპრესიული საერთოდ არ ვარ, იმდენად ინტერესიანი ვარ, იმდენად მინდა, რამე ახალი ვნახო და ვინმე ახალი გავიცნო, ეს მდგომარეობა ჩემთვის უცხოა.

სინანულის გრძნობა – ალბათ, ყველასთვის მეტ-ნაკლებად ახლობელია…

სინანულის შეგრძნება მაქვს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემი რთული სამუშაო გრაფიკის გამო, თან, ხშირად არ ვარ საქართველოში, ჩემ გარშემო ადამიანებს, ვინც თანადგომას ან დახმარებას მთხოვს, ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ, როგორიც მინდა. სინანული მახასიათებს იმასთან დაკავშირებით, რომ დრო გაფლანგული მაქვს. ჩემი აზრით, ერთი წამი არ უნდა დაკარგო. მე დაკარგული მაქვს ბევრი რამ, თუნდაც იმიტომ, რომ გვიან ვიღვიძებ და ვარ ზარმაცი. არის მომენტები, როდესაც გეძლევა რაღაცის შესაძლებლობა და არ იყენებ. ეს შესაძლებლობები ღმერთისგანაა და მისი არმიღება, არის დანაშაული. სინანული მაქვს ჩემი სიფიცხის და სხვა შეცდომების გამოც…

საქართველო პატარა ქვეყანაა, ერთ-ერთი პირველი იყავი, რომელმაც თავის სფეროში სიახლეების კეთება დაიწყო. დიდი პოპულარობა მოვიდა შენთან. იმ პერიოდში ცოტა ზევიდან ხომ არ იყურებოდი?

არა, არასოდეს… ქვემოდან ვუყურებ ყველას (იღიმის). რადგან ბავშვობიდან, ოჯახიდან და გარემოცვიდან გამომდინარე, ყურადღების დეფიციტი არასდროს მქონია. ძალიან ცელქი ვიყავი და ბუნებრივად – ყურადღების ცენტრში. ოდნავ განსხვავებული ვიყავი, ამიტომ ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვხვდებოდი. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში უცხო ადამიანი სითბოს გამოხატავს, გეფერება…

ის პერიოდი, დასაწყისი და ვარსკვლავური გარემო, რომელიც მაშინდელ შოუბიზნესს ახასიათებდა, როგორ გახსენდება?

პირველად ხდებოდა ყველაფერი, ეძებდი სიახლეებს, ახალ გზებს ეძებდი მონტაჟში, სტილსა და გადაღების მანერაში. ხშირად ვაკეთებდი ატიპიურ ახალ პროექტებს. ახლა თითქოს ყველაფერი სტანდარტულია და არ იგრძნობა სიახლე.

სიახლეებს ყოველთვის ყველგან ვეძებ. ახლახან ვნახე საოცარი სპექტაკლი და მომეწონა ზუსტად ამის გამო, იყო სტანდარტის დარღვევა და სიახლე. არ მესმის, რატომ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც უკვე გაკეთებული და ათასჯერ გადამღერებული, გადაღებული, აშენებული და დახატულია. ჩემი გადამღები ჯგუფიდან ვინმეს თუ უთქვამს, ეს რაღაცას ჰგავსო, უცებ შემიცვლია.

ამდენი წელია, ამ სფეროში ხარ. ხომ არ მოგბეზრებია რაღაც მომენტში?

ზოგჯერ ვიცვლი ხოლმე კუთხეს. ახლაც, დიდი ხანია, გაჩერებული ვარ, რადგან მინდა, სხვა მიმართულებით წავიდე. ჩემს პროფესიასთან ახლოს იქნება, რა თქმა უნდა, რომელიც მე პროფესიონალურად შევისწავლე და არა მოყვარულის დონეზე. მიმაჩნია, რასაც აკეთებ, ყველაფერი პროფესიონალურად უნდა შეასრულო. ახლა ვარ ძიების პროცესში. კინო რომ გაჩერდა, გადავედი ვიდეოებისა და რეკლამის გადაღებაზე, შემდეგ დადგმებსა და შოუებზე. ერთადერთი, რასაც არასდროს ვუღალატებ და ყოველთვის გავაკეთებ, ეს არის 26 მაისის ფიცის დადება… ქართული ჯარი არის ჩემთვის ხელშეუხებელი თემა…

მოკლედ, შენგან უახლოეს მომავალში სიახლეს უნდა ველოდოთ… სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე თუ გიფიქრია?

სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია და საქართველოს გარდა, სადაც ვიცხოვრებდი, ერთადერთი ქვეყანა იტალიაა, მაგრამ საქართველოდან სულ რომ წავიდე, ეს გამორიცხულია. რამდენჯერმე მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან სამუშაო შეთავაზებები, იქ ვმუშაობდი, მაგრამ მუდამ საქართველოში ვბრუნდებოდი, ურთულეს პერიოდებშიც კი.

სხვათა შორის, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები არასდროს მზღუდავდნენ, თუ გინდა, დარჩიო, რადგან მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლებოდა მხოლოდ შენს ქვეყანაში ჩაკეტვა. სხვა კულტურასთან შეხება ადამიანს ავითარებს… საქართველო ერთ-ერთი ფანტასტიკური და უნიკალური ქვეყანაა, რაც მე მინახავს, მათ შორის და მგონი, ცოტა არ მინახავს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

mazda magti 5g