„ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც ამავდროულად, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.
კალაძის თქმით, ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს. მისივე განცხადებით, ხამზატ ჩიმაევი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა.
„ხამზატს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წარმატებული სპორტსმენი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი, ალბათ, ნახავდით ამის ფოტო-ვიდეო ამსახველ მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია ზოგადად, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენ დედაქალაქს, ჩვენ ქვეყანას. [ჩამოსვლის] მიზანი – არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები.
ჩვენ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვმეგობრობთ. მე ადამიანთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი მე ვინმესთან ვიმეგობრო, ან არ ვიმეგობრო, პირველ რიგში, ეს არის ადამიანობა და ახლა, ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი და არ ვიცი, თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, გადაღებული ფოტოები, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და თბილისის მერი, კახა კალაძე ჩანან. ფოტოებიდან ჩანს, რომ კალაძემ ჩიმაევს თავისი საფეხბურთო მაისური აჩუქა.
„საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის“, – წერს ჩიმაევი სოციალურ ქსელში.