LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ელექტრონეირომიოგრაფია, რა ტიპის დიაგნოზების დასმა ხდება მისი მეშვეობით – ექიმი-ნევროლოგი ნინო ხუბულავა გადაცემაში „პულსი“

794
ნინო-ხუბულავა

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ „კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმი-ნევროლოგი – ნინო ხუბულავა სტუმრობდა, რომელმაც ელექტრონეირომიოგრაფიაზე, აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე, მის მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე ისაუბრა.

რა არის ელექტრონეირომიოგრაფია, რა ტიპის დიაგნოზების დასმა ხდება მისი მეშვეობით, რა აპარატით ტარდება აღნიშნული კვლევა, რა ფუნქცია და შესაძლებლობები აქვს მას, რამდენი ხანია, რაც ეს აპარატი არის „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ და რით განსხვავდება ის იმ დანარჩენი ტექნოლოგიებისგან, რომლებიც  არის საქართველოში, სხვადასხვა ნევროლოგიურ განყოფილებაში?

ჩვენ გვაქვს უახლოესი ავსტრიული ელექტრონერომიოგრაფი, რომელიც აღჭურვილი არის ციფრული ხელოვნური ინტელექტით, რაც კვლევის დროის შემცირების საშუალებას გვაძლევს და ამიტომ პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმულია. აღნიშნული აპარატი გვაძლევს საშუალებას, რომ დიაგნოზი სწრაფად და ეფექტურად დავსვათ. აპარატი „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“, დაახლოებით, წელიწადნახევარია გვაქვს.

ელექტრონეირომიოგრაფია არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, პერიფერიული ნერვების მდგომარეობა, კუნთოვანი დაავადებების, კუნთოვანი დისტროფიების მდგომარეობა, შევაფასოთ კუნთი, ასევე კუნთის მაინერვირებელი ნერვი, ნერვ-კუნთოვანი გადაცემა, ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა მიასთენია და მიასთენიური სინდრომი, შევაფასოთ ზურგის ტვინის წინა რქოვანი უჯრედები ელექტროფიზიოლოგიურად და ასევე, თავის ტვინის პირველი ნეირონების მდგომარეობა, რაც საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიაში დიაგნოზების დასადგენად.

ელექტრონეირომიოგრაფია ნევროლოგიაში ოქროს სტანდარტი გახლავთ, ისეთი დიაგნოზების დასასმელად, როგორიცაა გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, მიასთენია, გაფანტული სკლეროზი, მწვავე ინფექციური პოლირადიკულონეიროპათია, ქრონიკული პოლირადიკულონეიროპათია, დიაბეტური პოლინეიროპათია, მათ შორის, ის ფართოდ გამოიყენება ნერვის ტრავმული დაზიანების დროს.

აპარატი შეიცავს რამდენიმე ფუნქციას, პირველი, ეს არის ნერვის გამტარებლობის კვლევა, რითაც ჩვენ ნერვის მდგომარეობას ვადგენთ. ეს არის სასტიმულაციო ელექტროდი, რომლითაც ჩვენ ვასტიმულირებთ პერიფერიულ ნერვებს და ვიღებთ ნერვის ელექტრონულ პასუხს. ვიწერთ მას დისტალურად განლაგებული ელექტროდების მეშვეობით, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ სენსორული, მგრძნობიარე ნერვები, მოტორული, მამოძრავებელი ნერვები და შერეული ხასიათის ნერვები.

აღნიშნული აპარატის მეორე ფუნქცია მიოგრაფია გახლავთ. მიოგრაფია ტარდება სპეციალური ნემსის მეშვეობით, რომელიც ჩვენი აპარატის შემთხვევაში, საკმაოდ დახვეწილი და ნაკლებად ტრავმულია.  

ამ ნემსის მეშვეობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უშუალოდ კუნთზე, კუნთოვან ბოჭკოზე და მის მაინერვირებელ ნერვზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ამ აპარატს აქვს, არის განმეორებითი სტიმულაცია. ნერვის განმეორებითი, მრავალჯერადი სტიმულაციით ჩვენ ვიღებთ ნერვის და ნერვ-კუნთოვანის შეერთების პასუხს, რითაც შეგვიძლია, დავსვათ ისეთი დიაგნოზები, როგორიცაა მიასთენია, მიასთენური სინდრომები, ასევე მოვახდინოთ ცალკეული ნერვული ბიჭკოს შესწავლა.

ასევე, ამ აპარატს აქვს გამოწვეული პოტენციალების შეფასების საშუალება, რითაც ჩვენ ვადგენთ გაფანტულ სკლეროზს.

აქვს თუ არა აღნიშნულ აპარატს გარკვეული უკუჩვენებები, არის თუ არა პაციენტების გარკვეული კატეგორია, რომელთანაც მიზანშეწონილი არ არის ამ მეთოდის გამოყენება?

არანაირი უკუჩვენება აპარატს არ გააჩნია. ერთადერთი, შესაძლოა, თავი შევიკავოთ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს გულის ხელოვნური რითმის გენერატორი.

თავად ნევროლოგი ატარებს აპარატით კვლევას და წერს დასკვნას?

დიახ, თავად ნევროლოგი აკეთებს ამ კვლევას და ის მაშინვე ახდენს შედეგების ინტერპრეტაციას, დასკვნა მაშინვე გაიცემა.

უახლეს აპარატურასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია კადრის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი? მე ვიცი, რომ თქვენ ავსტრიელებთან გაიარეთ ტრენინგი და საკმაოდ ბევრი შრომა დაგჭირდათ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით დაგეწყოთ მუშაობა…

რა თქმა უნდა, კადრის კვალიფიკაცია მეტად მნიშვნელოვანია. „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ყოველთვის ზრუნავს საკუთარი კადრების უწყვეტ განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ავსტრიელებთან ერთად შეგვესწავლა ეს აპარატი, კვლევის ჩატარების ტექნიკა და სხვადასხვა პათოლოგიები გაგვევლო მათთან ერთად.

თქვენთვის როგორც ნევროლოგისთვის რამდენად დიდი შეღავათი, რამდენად დიდი კომფორტია, რომ ასეთ თანამედროვე აპარატზე მუშაობის შესაძლებლობა გაქვთ, ასევე რამდენად დიდ კომფორტს უქმნის პაციენტს ის, რომ კვლევის ჩატარება უწევს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელსაც სჭირდება ნაკლები დრო, რომელიც არის მეტად სანდო და ამავდროულად ძალიან ინფორმაციული?

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ექიმი-ნევროლოგისთვის, ნეიროფიზიოლოგისთვის მეტად მნიშვნელოვანი არის უახლოესი აპარატურა,  რომელიც აღჭურვილი არის ციფრული, უახლესი ხელოვნური ინტელექტით, ეს ყველაფერი შეფასების მაქსიმალურ საშუალებას მაძლევს. „ქირურგის ეროვნული ცენტრი“ და „ავერსი“ ამ მხრივ ყოველთვის გვანებივრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან დიდი კომფორტია პაციენტისთვისაც.

ელექტრონეირომიოგრაფია ძირითადად დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება, თუმცა მას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესშიც, მეთვალყურეობის, შეფასების კუთხით. რამდენად იყენებთ აღნიშნულ მეთოდს მკურნალობის პერიოდში მონიტორინგისთვის, მკურნალობის ეფექტურობის შესამოწმებლად?

ელექტრონეირომიოგრაფია არის კვლევის საშუალება, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავადგინოთ, დაზიანება არის მწვავე, ქვემწვავე თუ ქრონიკული, ასევე შეგვიძლია, დავადგინოთ დაზიანების ხანგრძლივობა და ვაკონტროლოთ, თუ როგორ მიდის მკურნალობა.

რომელი პროფილის ექიმები ამისამართებენ თქვენთან პაციენტებს, რა პათოლოგიების, რა პრობლემების დროს ხვდებიან ადამიანები თქვენთან?

პირველ რიგში, გამოკვლევის ამ მეთოდს პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ ნევროლოგები, რადგან როგორც აღვნიშნე, ელექტრონეირომიოგრაფია, ნევროლოგიური დაავადებების დროს, ოქროს სტანდარტი გახლავთ.

ნევროლოგების გარდა, ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ ენდოკრინოლოგები, განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგან მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით ხასიათდება.

აღნიშნულ კვლევაზე პაციენტებს ამისამართებენ ტრავმატოლოგებიც, როცა არის ნერვის, კუნთის ტრავმა, მიკროქირურგებიც, სისხლძარღვთა ქირურგებიც, როცა არის ნერვის ტრავმული დაზიანება, ნერვის გადაჭრა, ნერვის დაჟეჟილობა, ნეიროქირურგები, როცა არის დისკის თიაქარი… მეტსაც გეტყვით, ნეიროქირურგები ოპერაციის შესაფასებლად, დასაგეგმადაც იყენებენ აღნიშნულ კვლევას.

შესაძლებელია, რომ თავად პაციენტმაც მოგვმართოს, საკუთარი სურვილით.

რა შემთხვევაში, რა სიმპტომების დროს უნდა ჩათვალოს პაციენტმა, რომ აღნიშნული კვლევის ჩატარებას საჭიროებს?

ეს შესაძლოა იყოს დაბუჟება, მგრძნობელობის გამოვარდნა, ტკივილი, კუნთოვანის სისუსტე, კუნთის პათოლოგიური დაღლილობა, გაორება, სისუსტე, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში და ა.შ. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია.

როგორ უნდა ჩაეწეროს თქვენთან პაციენტი?

„ქირურგის ეროვნული ცენტრის“ ამბულატორიული სერვისი პაციენტებს კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პაციენტებმა ჩასაწერად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 577 119 119.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g