„უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი“, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.
კალაძის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალთან პოლემიკაში შესვლა:
„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.
Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის „დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: „მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს“.