ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობას აგრძელებს. თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური ზრდის ხელშეწყობაა.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, მან ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2024 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 6.7 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით, 12%-ით მეტია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის ისტორია, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო; მოეწყობა პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტურები საქართველოში.
შეგახსენებთ, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „People PR“ 2022 წლიდან თანამშრომლობს.
„People PR” 2009 წლიდან ოპერირებს. მას, პოლონეთის ღვინის ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით, მასშტაბური პიარკამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.