თაკო ზაკუტაშვილი „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავეა, რომელიც სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აზიარებს საკუთარი ცეკვის ვიდეოებს, მაყურებელი კი ბოლო ზარზე მის მიერ შესრულებული ცეკვით მოხიბლა.
თაკო სწავლის და ცეკვის პარალელურად, მოდელობითაც არის დაკავებული.
fortuna.ge გოგონას ესაუბრა.
თაკო, გაეცანით ჩვენს მკითხველს. როგორ დაუკავშირეთ თავი „სუხიშვილებს“?
სიმართლე გითხრათ, არასდროს წარმომედგინა, რომ ცეკვას დავუკავშირებდი საკუთარ თავს და ამის გამო დედას უნდა ვუმადლოდე. უკვე მეათე წელია, რაც ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია „სუხიშვილებთან“, ცეკვა კი ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. ცეკვაზე დედამ მიმიყვანა… თავად არ ცეკვავდა, მაგრამ სურდა, რომ მე მესწავლა ქართული ცეკვა. პირველივე წლიდან მყავს ერთი მასწავლებელი, ნინო ნიკოლაიშვილი, ანუ ნიკოლა, რომელმაც ცეკვა შემაყვარა და დღემდე აგრძელებს ამ საქმეს… ახლა ვცეკვავ სტაჟიორებში, უკვე ერთი წელია.

როგორც ამ ანსამბლის წევრისთვის, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ვამაყობ, რომ „სუხიშვილების“ წევრი ვარ. ანსამბლი ამდენი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

ილიკოსთან და ნინოსთან სტაჟიორებს გაქვთ შეხება?
იშვიათად, მაგრამ როცა გვხვდებიან და გვესაუბრებიან, ცეკვისა და ქვეყნის სიყვარულისკენ მოგვიწოდებენ.
რომელია შენი საყვარელი ცეკვა?
ყველა მიყვარს, ვერ გამოვარჩევ…

როგორც მოდელი, ასეთივე დაკავებული ხართ?
მოდელობა უფრო ჰობის დონეზეა. ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ისეთ დიდ დროს ვერ ვუთმობ. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო. ვთანამშრომლობ ნინო ცქიტიშვილის „ლუქ მოდელს მენეჯმენტთან“. ყოველთვის მიხარია იქ მისვლა, რადგან საოცარი გარემოა. მოდელობასთან დაკავშირებით მქონდა გეგმები, შემოთავაზებებიც, მაგრამ ამჟამად ვერ ვახერხებ დიდი დროით სადმე გამგზავრებას, რადგან სწავლა და ცეკვა ჩემთვის პირველ ადგილზეა.

წელს დაამთავრე სკოლა. რა პროფესიას აირჩევ?
ჩემი ცხოვრება არა მხოლოდ მოცეკვავეობას უნდა დავუკავშირო. ფინანსები მაინტერესებს, ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, ვფიქრობ საზღვარგარეთ სწავლაზეც. უბრალოდ, ცეკვის გამო გული მეთანაღრება. დიდი ხანია ვცეკვავ და ეს არ არის ნამდვილად პატარა დრო, რომ დავტოვო და გავემგზავრო. ვშრომობ იმისთვის, რომ „სუხიშვილების“ მთავარი ანსამბლის წევრი ვიყო.

კიდევ რა ოცნებები გაქვს, როგორც გოგონას, რომელმაც ახლახან დაამთავრა სკოლა?
ნამდვილად ახალი ცხოვრება და ახალი ეტაპი იწყება. მინდა, ყველა ჩანაფიქრი განვახორციელო ცეკვასა და სწავლასთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ხარ. რა კონტენტს სთავაზობს შენს გამომწერებს და რას გწერენ ხოლმე?
ყველაფერს ცეკვასთან ვაკავშირებ, ბოლო წელი სააბიტურიენტო კონტენტიც მქონდა. მაქვს დადებითი გამოხმაურებები, ამიტომ ვცდილობ, გავაგრძელო სოციალურ ქსელში აქტიურობა. ცეკვის ვიდეოებს ყველაზე მეტი გამოხმაურება. ცეკვასთან დაკავშირებული კომპლიმენტი ყველაზე დიდია, რაც მიმიღია. ყველაზე მეტად ასეთი კომპლიმენტები მახარებს. ხასიათსაც ხედავენ ჩემი მაყურებლები, არ ვიცი, როგორ და კომენტარებში გამოკვეთენ ხოლმე ამ თემასაც.

გარდა იმ ყველაფრისა, რაც ჩამოთვალე, რას აკეთებ თავისუფალ დროს?
ამ წელს, როგორც აბიტურიენტი, ძალიან დაკავებული ვიყავი. თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, კითხვას დავუთმო.
იდეალური მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
იდეალური არ არსებობს, საკუთარი თავის ბევრი ვერსია მაქვს წარმოდგენილი – მინდა, დავკავდე ჩემი პროფესიით და გავაგრძელო „სუხიშვილებში“ ცეკვა.
შენთვის ცეკვა რასთან ასოცირდება?
როცა ვცეკვავ, ვარ ყველაზე ბედნიერი. ცეკვა ჩემთვის თავისუფლებას უკავშირდება. ემოციებს, რასაც მთელი დღე ვიღებ, ცეკვისას გამოვხატავ…