დანიაში გადაწყვიტეს ქალებისთვის მიძღვნილი ძეგლების რაოდენობა გაზარდონ. ამჟამად ქვეყნის ქალაქებში თითქმის ყველა მონუმენტი მამაკაცებს ეძღვნება – პოლიტიკოსებს, სამხედროებსა და კულტურის წარმომადგენლებს, მაშინ როცა ცნობილი ქალები ისტორიის ჩრდილში რჩებიან. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
სახელმწიფომ მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა, თავად დაასახელონ ღირსეული ქალები, რომლებსაც ძეგლები უნდა მიეძღვნათ. სპეციალურ ვებსაიტზე შესაძლებელია ისტორიული პირების, მეცნიერების ან საზოგადო მოღვაწე ქალების წარდგენა. შემოსულ იდეებს განიხილავს ექსპერტთა კომისია, რის შემდეგაც სხვადასხვა ქალაქში განთავსდება ახალი ქანდაკებები.
სტატისტიკის მიხედვით, დანიაში არსებული ძეგლების მხოლოდ 10% ეძღვნება ქალებს.
მაგალითად, კოპენჰაგენში ზღაპრული პერსონაჟების ქანდაკებები უფრო ბევრია, ვიდრე რეალურად გამოჩენილი ქალების.
ამჟამად არსებული ძეგლების უმრავლესობა მე-19 და მე-20 საუკუნეებშია შექმნილი. ხელისუფლებას კი სურს, რომ ქალაქური სივრცე მეტად ასახავდეს ქალების წვლილს ქვეყნის ისტორიაში.