რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ FM“ ნინო სუხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც „სუხიშვილების“ არაჩვეულებრივი, კონცერტებით დატვირთული სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა. წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი კონცერტების თუ საერთაშორისო ტურნეების შემდეგ, ანსამბლი „სუხიშვილები“ კვლავ გასტროლებისთვის ემზადება, პარალელურად კი, 80 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გამოფენას გეგმავს.
ნინო, შევაჯამოთ წლევანდელი წელი, „სუხიშვილების“ ჩატარებული არაჩვეულებრივი გასტროლები, კონცერტები და ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.
ეს წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენი ანსამბლისთვის საიუბილეოა. ანსამბლს ოფიციალურად შეუსრულდა 80 წელი. „ოფიციალურად“ – ვამბობ, რადგან სტატუსი 1945 წელს მივიღეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანსამბლი ზუსტად მაშინ შეიქმნა, მანამდეც არსებობდა, ასე, რომ ბევრად მეტი წლის ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი წელი იყო, როგორც საგასტროლო მოგზაურობის, ასევე საქართველოში გამართული კონცერტების კუთხით. სამწუხაროდ, საიუბილეო ღონისძიება ჯერ ვერ ჩავატარეთ, რადგან დარბაზები თავისუფალი არ არის. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვატარებდით და ახლაც, სექტემბერშიც ვაგრძელებთ კონცერტებს ჩვენს ღია სცენაზე „თაკარა“. სივრცე მთელი ზაფხული მაყურებლით იყო სავსე.
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ამ წელს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 1-ელ ოქტომბერს, გავხსნით ანსამბლის საიუბილეო გამოფენას, ეს იქნება ანსამბლის ისტორია, არქივის ფოტოები, ბოლო წლებში გადაღებული ფოტოები, აფიშები, ბატონ სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი ჩვენი უნიკალური კოსტიუმები, ასევე ბოლო წლებში შექმნილი კოსტიუმები. ბოლო 25 წელია, მე ვქმნი ანსამბლის კოსტიუმებს. გამოფენა „ზურა წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – მომა“ 2 თვე გაგრძელდება. რასაკვირველია, 2 თვის განმავლობაში, ყველას შეუძლია შემოვიდეს და მოინახულოს ეს გამოფენა და ჩვენი ტრიუმფალური სვლა 80 წლის განმავლობაში. ვცდილობ, რომ ექსპოზიცია მაქსიმალურად დიდი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერს ვერც ერთი მუზეუმი იტევს. ჩვენ იმდენი მასალა გვაქვს, ალბათ, სამსართულიანი მუზეუმიც ვერ დაიტევს. ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და ოცნებად რჩება, რომ ანსამბლს თავისი მუზეუმი ჰქონდეს, რადგან მიმაჩნია, რომ ნინო და ილიკო ისეთი მასშტაბის პიროვნებები იყვნენ, რომ აუცილებელია, მათი მუზეუმი და ზოგადად, ქართული ცეკვის მუზეუმი არსებობდეს.
რაც შეეხება გასტროლებს, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა და ჯერაც არ დამთავრებულა. ოქტომბერში, მექსიკაში მივემგზავრებით, ძალიან ბევრ ქალაქში გვაქვს კონცერტი, თვენახევრიანი ტური გვექნება. შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, მივემგზავრებით ევროპის ქვეყნები. იანვარში, ნიუ იორკში გვაქვს კონცერტი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის „კარნეგი-ჰოლში“ ჩატარდება. თებერვალი, მარტი, აპრილიც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში გვექნება გასტროლები.
საახალწლოდ ყოველთვის იმართება ხოლმე თქვენი კონცერტები, ტრადიციული პროგრამით. წელს თუ გვექნება საშუალება, რომ დეკემბერში, „სუხიშვილების“ კონცერტს დავესწროთ?
ძალიან მინდა, რომ დეკემბერში, კონცერტი ჩავატაროთ, თუ იქნება საშუალება და რომელიმე დარბაზი დაგვითმობს სცენას, დიდი სიამოვნებით. ძალიან მინდა, ჩვენი ტრადიციული, კლასიკური პროგრამით დავხურო ეს წელი, რადგან ტრადიციულად, საახალწლოდ, ყოველთვის ვმართავთ კონცერტებს. ვიცი, რომ მოთხოვნა დიდია. ჩვენი ტრადიციული, კლასიკური პროგრამა ნამდვილად ძალიან მოენატრა მაყურებელს.
ვიცი, რომ თითოეული კოსტიუმი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ რომელს გამოარჩევდით, განსაკუთრებით რომელი კოსტიუმი გიყვართ?
საერთოდ, ჩემთვის ძალიან ღირებულია ძველი პროგრამის, ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები, რომლებიც უკვე, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატებია, თუმცა ჩვენ ახლაც ვიყენებთ კოსტიუმებს, რომლებიც 50-იანი წლების ბოლოს, 60-70-იან წლებში არის შექმნილი, ვუკეთებთ მათ რესტავრაციას და ვცდილობთ, ეს კოსტიუმებიც გამოვიყენოთ. საოცარი სილამაზის არის ჩემთვის „სამაიას“ კოსტიუმი, რომელიც თამარ მეფის ხატებიდან გამომდინარე, სოლიკო ვირსალაძის მიერ არის შექმნილი. ასევე, ძალიან მიყვარს „სადარბაზო“, უნიკალური კოსტიუმია, ფაქტობრივად, სულ ხელით არის მოხატული. რა თქმა უნდა, შენახული მაქვს ქალბატონ ნინო რამიშვილის კაბები, რომლითაც თავად ცეკვავდა და ამ კოსტიუმებსაც აუცილებლად გამოვფენთ.
გაიხსენეთ რომელიმე, თქვენთვის გამორჩეული კონცერტის ისტორია...
რთულია გამოვყო, რადგან ჩემთვის ყველა კონცერტი ღირებულია. საქართველოში, თბილისში ყველა კონცერტი დღესასწაული, ფოიერვერკია, ძალიან მიყვარს და საოცარი მიღება გვაქვს ყველგან.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გასტროლებს, პირადად მე ძალიან ემოციით ვიხსენებ ეგვიპტეში, პირამიდების წინ ჩატარებულ კონცერტს, საოცარი შთაბეჭდილება იყო. იმ პერიოდში, არ ვმუშაობდი ანსამბლში, მაგრამ „ლა სკალაში“ ჩატარებული კონცერტი ნამდვილად ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენი ანსამბლის ისტორიაში, რადგან 14-ჯერ აიწია ფარდა და 5-ჯერ გამოგვიძახეს ბისზე, 5-ჯერ გაამეორებინეს ანსამბლს ბოლო ცეკვა. ჩვენ ყველა ცნობილ სცენაზე გამოვსულვართ, რაც კი მსოფლიოში არსებობს, დაწყებული ლონდონის „ალბერტ-ჰოლიდან“, სადაც სხვათა შორის, უფროსი ილიკო სუხიშვილი 1935 წელს გამოვიდა. მაშინ, მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ფესტივალი იყო, სადაც ყველა ქვეყანა მონაწილეობდა და ქართულმა ცეკვამ გაიმარჯვა. მაშინ ოქროს მედალი და გრანპრი ილიკო სუხიშვილს დიდი ბრიტანეთის მეფემ და დედოფალმა გადასცეს.
ნამდვილად არ არის მარტივი ამხელა ანსამბლის მართვა, ამიტომ საინტერესოა, როგორი მმართველია ნინო სუხიშვილი?
ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან ძალიან ბევრ ენერგიას, დროსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჭირში, ლხინში, ყველა ერთმანეთის გვერდზე ვიდგეთ.
ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ წესრიგს, დისციპლინას, მოცეკვავე მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც სარეპეტიციო დარბაზში, ისე სცენაზე. მოცეკვავე დროზე უნდა მოდიოდეს და არ აგვიანებდეს. განსაკუთრებით, გასტროლების დროს არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი წუთი გათვლილი იყოს. ვცდილობთ, ხარისხი არ დავაგდოთ.
აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საოცარი თაობა მოდის. გვაქვს ჩვენი ცეკვის აკადემია, სადაც 10 000-მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი ეუფლება ცეკვას. 7 ფილიალი გვაქვს თბილისში და ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენს ცეკვის აკადემიას რომ ამთავრებენ, 18 წლიდან ხდება გადარჩევა და ანსამბლში ახალი თაობა მოდის. ჩვენ მათ იმ პრინციპით, იმ სისტემით ვასწავლით, რომელიც მერე ანსამბლში გვჭირდება, ჩვენ ჩვენი ხელწერა გვაქვს და ამით განვსხვავდებით სხვა კოლექტივებისგან, თუმცა ეს განსხვავებულობა პრობლემაა, რადგან ბოლო დროს, ძალიან მოხშირდა პლაგიატობა. ბოლო 20-25 წლის წინ შექმნილი ცეკვები, რასაც ილიკო დგამს, საავტოროა და ისეთი მიმბაძველობა მიდის, იქნება ეს კოსტიუმზე, ქორეოგრაფიაზე თუ მუსიკაზე, ეტყობა, მასობრივად არ იციან, რა არის ინტელექტუალური ქონების, საკუთრების დაცვა და რას ნიშნავს საავტორო უფლება. უამრავი ანსამბლი და ქორეოგრაფია, რატომ არ უნდათ, რომ რაღაც თავისი შექმნან და გააკეთონ?! მესმის, რომ სწორება ყოველთვის ჩვენზე იყო, რომ ყოველთვის ჩვენგან იღებდნენ მაგალითს, მაგრამ პირდაპირ ასე გადაიღო და იცეკვო და ჩათვალო, რომ ეს ხალხურია და შენია, ასე არ არის.
როგორია თქვენი და ილიკოს მუშაობის პროცესი, ხშირად ჩხუბობთ ხოლმე?
სხვათა შორის, არ ვჩხუბობთ, დიდი ბედნიერებაა, რომ ყველაფერზე ერთი და იგივე აზრი გვაქვს, იქნება ეს პროგრამის შედგენა, კონცერტების დაგეგმვა… მე შემიძლია, ილიკოსგან დამოუკიდებლად დავგეგმო რაღაც, რადგან ზუსტად ვიცი, დამეთანხმება.
შემოქმედების კუთხით, ჩვენ ჩვენი სამუშაო გვაქვს, მე კოსტიუმებს ვაკეთებ, ილიკო ცეკვებს დგამს, მუსიკას აკეთებს და მერე ამ ყველაფერს ერთად ვკრავთ, ეს არის კოლექტიური მუშაობა. რა საკვირველია, მოცეკვავეების და მუსიკოსების გარეშე არაფერი გამოვა.
რა არის თქვენი ჰობი, რას უთმობთ თავისუფალ დროს?
ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არასდროს მაქვს. სამწუხაროდ, დასვენების დროც არ მაქვს, ასე რომ, ჰობისთვის ვერ ვიცლი. ოდესღაც, ძალიან მიყვარდა ძერწვა, თიხაზე მუშაობა, წინა ცხოვრებაში კერამიკოსი ვიყავი (იცინის). აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ მერე, რატომღაც, მთლიანად კოსტიუმის დიზაინზე და სცენოგრაფიაზე გადმოვერთე. არც მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა თავისუფალი დრო და როდის შევედი სახელოსნოში, რომელიც მაქვს, მაგრამ ნამდვილად არ ვარ მისი ხშირი სტუმარი.
რა არის „ქართული ნაციონალური ბალეტის“ წარმატების ფორმულა?
მთავარი წარმატების ფორმულა არის ის, რომ ყოველთვის უნდა გაჰყვე დროს და ტენდენციებს, მით უმეტეს, ხელოვნებაში, რომ ყოველთვის პოპულარული, თანამედროვე იყო და გყავდეს ახალგაზრდა მაყურებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საჭიროა ძალიან დიდი, დაუღალავი შრომა და თავის გადადება, რადგან ჩემი ოჯახის სამმა თაობამ მართლა მთელი ცხოვრება გადადო ამ საქმისთვის და ასე ვაგრძელებთ მე და ილიკოც. თუ თავდაუზოგავად არ მუშაობ და სიგიჟემდე არ გიყვარს შენი საქმე, არაფერი არ გამოვა. ვთვლი, რომ სწორი გეზი დავიჭირეთ თავიდანვე, რომ ახალი ტალღა, ახალი სისხლი შევუშვით ამ ფოლკლორში, ჩვენს პროგრამებში. დღეს, 4-5 დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამა გვაქვს. ყოველ წელს ახალი პროექტი გვაქვს. გვეძახიან როგორც ტრადიციული ცეკვების ფესტივალზე, ასევე მოდერნის, საოპერო თუ მუსიკის ფესტივალებზე. 7 წელია, ვმონაწილეობთ „წინანდლის ფესტივალზე“ და ჩემთვის განსაკუთრებული იყო წლევანდელი კონცერტი, რაღაც საოცარი იყო. ილიკო სულ რაღაცას ცვლის და არცერთი კონცერტი არ ჰგავს ერთმანეთს, ამიტომაც მოდის ჩვენთან მაყურებელი გაუთავებლად. სხვათა შორის, საფრანგეთის ელჩი საქართველოში წელს 4-ჯერ იყო კონცერტზე მოსული. ერთხელ, მაყურებელი მოვიდა და მითხრა, თქვენს კონცერტზე ორმოცდამეთვრამეტედ მოვედიო…