LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: „ალბომი ძალიან მალე გამოვა… თავის დროზე, ვერ ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა და ზუსტად ახლა ვაპირებ, გაჩვენოთ, ვინ არის ნამდვილი ოთო ნემსაძე… “

318
ოთო-ნემსაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ოთო ნემსაძე სტუმრობდა, გადაცემაში სიმღერის „დაგვათენდა“ პრემიერა შედგა. მომღერალმა ახალი მუსიკალური ალბომიც დააანონსა.

ოთო, ემზადები ალბომის გამოსაშვებად, როდის გეგმავ პრეზენტაციას?

ალბომი ძალიან მალე გამოვა, უბრალოდ, პრეზენტაციამ იქითა წლის დასაწყისში გადაიწია. ახლა, მაინც საახალწლო სამზადისია და არ მინდოდა, რომ ახალი წლისთვის გრინჩივით ხელი შემეშალა. მომავალი წლის პირველ ან მეორე თვეს აუცილებლად მოხდება ალბომის პრეზენტაცია და იქნება დიდი კონცერტიც.

ვისაუბროთ ნამუშევარზე „დაგვათენდა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის ალბომიდან მეორე სინგლი. ამ სიმღერაზეა დამოკიდებული ჩემი ალბომის ბედი, რადგან ეს იყო პირველი სიმღერა. ეს ნამუშევარი ძალიან ბევრი წლის წინ არის დაწერილი. სიმღერის ავტორი ზაზა ქოქრაშვილია. უკრავს ჩემი ჯგუფი, „ლიმბო“. ქართული როკ-ენ-როლია, მთელი სულით და გულით ნაკეთები და იმედია, რომ შეიყვარებენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელი ნამუშევარია ისეთი, რომელზეც, რომლის ისტორიაზეც უფრო მეტს მოჰყვებოდი?

ძირითადად, ვმღერი იმას, რაც მე მომწონს და მიყვარს, არასდროს ვმღერი იმას, რაც სხვას მოსწონს და უყვარს, ანუ ვგულისხმობ პროდიუსერულ შემოთავაზებებს. ასეთ რაღაცებში ძალიან ჯიუტი ვარ და თუ მე რამე არ მომწონს, არ მინდა ან რამე ისტორია არ მაკავშირებს, თუ ფსიქოლოგიურად არ არის რაღაც კავშირში ესა თუ ის სიმღერა, არ ვეკარები. შესაბამისად, ყველა ის სიმღერა, რაც ნამღერი მაქვს, რაღაცით მე მიკავშირდება.

პირველი ალბომიდან „ფიქრების ზღვა“ იყო სიმღერა, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა, გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და მე უკვე მძულს, იმდენჯერ მაქვს ნამღერი (იცინის). რეალურად, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ემოციურად ძალიან მიჯაჭვული ვიყავი.

ვის ეძღვნება აღნიშნული სიმღერა?

ჩემი „ფიქრების ზღვა“ ჩემს ოჯახს, ჩემს სოფოს, მამას, დედას, ჩემს ძმას ეძღვნება.

ეს ალბომი, რომელიც გამოვიდა, მაშინ, ყოველთვის მიჯაჭვულობას მიტოვებდა ჩემს წარსულთან. ამ გადმოსახედიდანაც ჩემთვის ძალიან გარდამტეხია ეს სიმღერა, რადგან რეალურად, ამ ალბომით ვერ ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა, თავის დროზე და ზუსტად ახლა ვაპირებ, გაჩვენოთ, ვინ არის ნამდვილი ოთო ნემსაძე.

საახალწლოდ სად შევძლებთ შენს მოსმენას?

ჯერ არ ვიცი, ჯერჯერობით არავის დავთანხმებულვარ.

ოდესმე რომელიმე კონცერტის ორგანიზატორს არაადეკვატური კითხვით, თხოვნით თუ მოუმართავს?

კი (იცინის). მაგალითად, უკითხავთ, რამე საახალწლო სიმღერების ჯაზ ვერსიები ხომ არ გაქვთო. საახალწლო სიმღერების ჯაზ ვერსიები ძალიან სასაცილოა.

კონცერტზე მომხდარ რაიმე ინციდენტს ხომ ვერ გაიხსენებდი?

ეს იყო „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალი, 2009 წელს. ჯერ, მეგონა, რომ სცენაზე ვიგუდებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, ნერვიულობის და სტრესის გამო. სახეზეც მემჩნეოდა ეს ყველაფერი, ვიდეოც არსებობს. მერე, გადამიარა. თან, დასამახსოვრებელი იმით იყო, რომ ეს პროექტი რომ დამთავრდა და კამერები გაითიშა, „ფილარმონიის“ საორკესტროში ჩავვარდი, მთელი მხარი, ბეჭი, ყველაფერი ამოვიგდე. ძალიან დასამახსოვრებელი დღე იყო ჩემთვის. იმ ვიდეოს რომ ვუყურებ, სულ მეღიმება, ვიცი, რასაც ვგრძნობ. თითქმის ყველა სიმღერაშია ასეთი რაღაცები, რაც მხოლოდ მე ვიცი.

როცა ამბობ, რასაც მე ვიტყვი, ყველაფერი სწორედ ისე იქნებაო, ცხოვრებაში, ურთიერთობაშიც ასეთი ხარ თუ მხოლოდ საქმის მიმართულებით?

მუსიკა არ არის ჩემი საქმე, მუსიკა არის ჩემი ცხოვრება და შესაბამისად, თუ არ ვიცხოვრე ისე, როგორც მე მეცხოვრება, აბა, რა ცხოვრება გამომივა… ბოლო სერია, კი ვიცით ყველამ, რაც არის.

მე ვარ მუსიკოსი, რომელიც თავისი მუსიკალური ცხოვრებით ძალიან ბედნიერია, შესაბამისად, ვცდილობ, რომ სულ მართალი ვიყო ამ ამბავში.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ პროფესიით  ოჯახი შეინახო, შენს საყვარელ ადამიანებს ყოველდღიურად გახარების საშუალება მისცე?

არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჯერჯერობით ცოცხლები ვართ, კარგად ვართ. ჩვენზე ბევრად მეტი ისეთი ადამიანია, ვისაც უფრო მეტი არ აქვს, რაღაც აკლია და ა.შ. შესაბამისად, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე. კარგად ვარ, ცუდად არ ვარ და ამით ოჯახის რჩენა ნამდვილად შეიძლება ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, არა ისე, როგორც ყველას გვიოცნებია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ამაზე წუწუნი არ ღირს.

რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა მომღერლებმა, რა უნდა გააკეთონ, რაზე უნდა თქვან უარი ან პირიქით, რამდენი რამ უნდა შეითავსონ იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ?

ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ეს ალბომი, რომელიც ძალიან მალე გამოვა, დიდი ხანია იწერება. დიდი ხანი იმიტომ იწერება, რომ ფინანსური კუთხით, ძალიან დიდი თანხები სჭირდება, არ სჭირდება პატარა თანხები და ამ ამბავში სულ მარტო ვარ, სულ მარტო ვაკეთებ ყველაფერს. დღეს, ძალიან ძნელია ვინმეს დაინტერესება, რომ მუსიკაში ფული ჩადოს, მაგრამ ამ რჩევას მოგცემთ, თუ თქვენ თქვენი საქმე ძალიან გეყვარებათ და ამის გარეშე ცხოვრება არ შეგეძლებათ, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.

შემეძლო, ბევრი უცხოური სიმღერა მეკეთებინა, საზღვარგარეთ წავსულიყავი და ბევრჯერ წავსულვარ და უკან დავბრუნებულვარ, მაგრამ არა, მიხვდი, რომ აქ რაღაც უნდა დავტოვო, ისე ვერ წავალ. ვთვლი, რომ მთავარი ის არის, შენს მერე რა დარჩება ამ ქვეყანაში. იყავით ბედნიერები იმ საქმით, რასაც აკეთებთ, მთავარი ეს არის. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g