LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წელი საქართველოს და 25 წელი მსოფლიოს გამორჩეულ სცენებზე – საოპერო მომღერალი გიორგი გაგნიძე საიუბილეო საღამოსთვის ემზადება

314
გიორგი-გაგნიძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ საოპერო მომღერალი, გიორგი გაგნიძე სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე, შემოქმედებით სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და საიუბილეო საღამო დააანონსა.

გიორგი, 2002 წელი თქვენთვის გარდამტეხი იყო, ეს იყო პერიოდი, როდესაც საოპერო, უდიდეს სფეროში შედგით ფეხი. გავიხსენოთ, პირველი სპექტაკლი და ის დღე, რომელიც თქვენთვის ყველაზე ემოციური იყო.

თუ დავიწყებთ „თბილისის ოპერის თეატრიდან“, ჩემთვის პირველი სპექტაკლი იყო „ტოსკა“. პირველი როლი იყო ანჯელოტი, აი ამით შევდგი „თბილისის ოპერაში“ ფეხი და მერე, ამას უკვე მოჰყვა დიდი როლები, კარგ როლებს რომ ვეძახით, მაგრამ ჩემთვის „ტოსკას“ ანჯელოტის როლიც არ ყოფილა ცუდი, ჩემთვის ყველა როლი კარგი და საყვარელია.

მერე, „ტოსკა“ ჩემი ოპერა გახდა, უკვე სკარპიას სახით. მარტო „მეტროპოლიტენში“ ეს როლი, სადღაც, 70-ჯერ მაქვს შესრულებული. მთლიანობაში, უკვე 150 საოპერო სპექტაკლი მაქვს შესრულებული თეატრში, რომელშიც ყველას ენატრება სიმღერა და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

როგორი იყო პირველი ემოცია? ვიცი, რომ ოპერის და ბალეტის თეატრის მტვერი განსაკუთრებულია და თუ მას შეისუნთქავ, გამორიცხულია, რომ შემდეგ მასზე უარი თქვა.

ჩამოვდივარ თუ არა, თუ რამე სპექტაკლია, „თბილისის ოპერაში“ გავრბივარ… ისე მიყვარს ის შენობა, სადაც მე ფეხი ავიდგი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე, იქ რომ ვარ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, გაიხსენეთ, მსოფლიოს სცენები, თქვენთვის საოცნებო როლი, რომელზეც დაგამტკიცეს ან როლი, რომელმაც თქვენში გარდატეხა მოახდინა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის და ყველასთვის ეს არის „ლა სკალას“ სცენა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ როდესაც 2005 წელს გავიმარჯვე, მაშინვე დაიგეგმა „ლა სკალა“ 2007 წელს და ეს ჩემთვის უბედნიერესი წლები იყო. ასევე, შემიძლია აღვნიშნო „ჯამბაზები“ ბარსელონაში და „სოფლის ღირსება“. რომ იტყვიან, ჩემს კარიერაში სერიოზული აღმასვლა დაიწყო. მე ბედნიერი ვარ, რომ დღესაც გრძელდება ეს კარიერა, რადგან მოგეხსენებათ, დიდ მომღერალს, შალიაპინს უთქვამს, რომ ასვლა რაღაც მომენტში შესაძლებელია, მაგრამ დარჩენა კარიერაში – ეს მარტო ერთეულების ხვედრია, რადგან ეს მარტივი არ არის, ურთულესია, მით უმეტეს დღეს, რადგან გახსნილია მსოფლიო, უძლიერეს მომღერლებს, მსოფლიოს ყველა მხრიდან, სურთ, რომ მათი დებიუტები შედგეს „ლა სკალაში“, „მეტროპოლიტენში“, „კოვენტ გარდენში“ და წარმოიდგინეთ, რამხელა კონკურენციაა.

რა თქმა უნდა, ჩემი პატარა წვლილი ის არის, რომ ამ პატარა საქართველოს, ჩემს სამშობლოს წარვადგენ მთელს მსოფლიოში, მაგალითად, ახლახან, პარიზში მქონდა 8 რიგოლეტო.

2003 წელს, გერმანიაში გადაწყვიტეთ გამგზავრება…

დიახ, 2003 წელს გავემგზავრე გერმანიის ქალაქში, დავსახლდი და უკვე იქიდან მომიწია ფართო გასტროლების ტური მთელს მსოფლიოში.

ახლა, სადღაც, 10 დღით ვარ ჩამოსული და მერე, მივდივარ ქალაქ ბონში, სადაც გალა კონცერტის პრეზენტაციაა. შემდეგ, მივემგზავრები ნიუ-იორკში, ძალიან კარგ კონცერტზე, რომელსაც „Georgian-American christmas“ ჰქვია და სადაც მე ქართული რეპერტუარით წარვდგები. იქნება ნაწყვეტები „დაისიდან“, „აბესალომ და ეთერიდან“… შემდეგ, 2 დღეში, იქვე კეთდება ჩემი მასტერკლასი, რომელზეც უკვე უამრავი ახალგაზრდა არის დაფიქსირებული.

მასტერკლასის დამთავრების შემდეგ, ისევ თბილისში მოვემგზავრები, მინდა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდე ახალ წელს.

როგორია თქვენი ემოცია, როცა მასტერკლასზე ქართველი ახალგაზრდა შემოდის?

რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ჩვენ ამის ფუფუნება გვაქვს, ისეთი ხმები გვყავს, მაგალითად, გამოვყოფ „ოპერალიაზე“ გამარჯვებულ – კატო ბუაჩიძეს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდობა მოდის. წარმოიდგინეთ, ჩვენთვის, ხელოვანებისთვის რამდენად სასიამოვნოა, რომ ვიცით, მოდის ახალგაზრდობა, ცვლა, რომელიც ჩვენს მერე ამ დიდ ტრადიციას გააგრძელებს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველო უმდიდრესია საოპერო კუთხით.

რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რაზე მოგიწიათ უარის თქმა, რომ ასეთი წარმატებული ყოფილიყავით?

წარმატების ფორმულა არის ბევრი შრომა, ტალანტი ერთია… ქართველები ძალიან ნიჭით დაჯილდოებულები არიან და ბედნიერი ვარ, რომ ამ ერის შვილი ვარ, მაგრამ მერე, ამ ყველაფერს მიმართულება და სწორი დაგეგმვა უნდა. თუ ამას შეძლებს ქართველი, მასზე ნიჭიერი არავინ არის, გინდაც, სპორტში, ხელოვნებაში, ნებისმიერ სამეცნიერო დარგში, ჟურნალისტიკაში… ასეთი იბადება ქართველი, მაგრამ მერე, რაღაც არ ყოფნის, საქმის შუაში მიგდების პროცესი გვაქვს ხოლმე და ეს არ შეიძლება.

როგორია თქვენი მეუღლის როლი თქვენს წარმატებაში?

ჩემი მეუღლის, მაიას როლს პირდაპირ გამოვყოფ. ის ძალიან გამორჩეული პიროვნებაა, თავისი ხასიათით. თავისი თავი მთლიანად შემოსწირა ჩემს კარიერას, თავისი კარიერა არც გაუკეთებია, იმდენად ჩართული იყო ჩემსაში. ის ძალიან კარგად ერკვევა მუსიკის სფეროში, დედაც მუსიკოსი ჰყავდა.

როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება, როცა თქვენმა შვილმაც ამ სფეროში მოინდომა ყოფნა?

უარზე ვიყავი, რადგან მე ვიცი, რამდენად სიკეთე მოაქვს ამ საქმეს, რომ ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.

ახლა, 22 წლის არის მარიამი. უკვე, 2 წელია, რაც ინტენსიურად ვმუშაობთ. 18 წლისამ განაცხადა, რომ სიმღერა უნდოდა, მაგრამ პანდემია იყო… სახლში კი ვამეცადინებდით, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორი მდგომარეობა იყო.  შემდეგ, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ მოეწყო, რაც ჩემთვის ბედნიერება იყო და მერე, ნელ-ნელა ჩამესახა იმედი. გამორჩეული ხმა აქვს, მას მუშაობა სჭირდება. სხვათა შორის, წელს ვენის აკადემიაში იყო მიწვეული. ეს მისი ძალიან დიდი წინსვლა იყო. როგორც სხვებს, მარიამსაც ვეტყოდი, რომ შრომა, შრომა და შრომა… ვიძახი ხოლმე, რომ ტალანტი ქვასავით, აღმოჩენილი მინერალივით არის, რომელიც შემდეგ დამუშავდება. ამ დამუშავების პროცესს კი ყველა ერიდება და ყველას ეზარება, მაგრამ თუ შეძელი, ეს გადალახე და იშრომე, შედეგი გარდაუვალი ხდება.

მოგვიყევით თქვენს იუბილეზე.

წელს შესრულდება 55 წელი. სცენური მოღვაწეობდა, უკვე, შემიძლია ვთქვა, რომ 25 წელია, რაც მსოფლიო სცენებზე ვარ და 7 წელი საქართველოს ოპერის თეატრში. 1994 წელს შევდგი ფეხი „თბილისის ოპერის თეატრში“, 1995 წლიდან უკვე მქონდა სპექტაკლები. 55 წლის ვარ და ამის აღმნიშვნელი იუბილე მინდა, რომ გავმართო. მინდა, რომ გამორჩეული კონცერტი იყოს. ვეცდები, ჩამოვიყვანო ჩემი მეგობრებიც, რომლებთან ერთადაც უცხოეთში მიწევს სიმღერა. ახლა, ვერ ვიტყვი, ვინ ჩამოვა, რადგან არ ვიცით, იმ მომენტში ვის ეცლება, როდესაც ეს საღამო დაიგეგმება. ისე უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი, როცა მათაც ეცლებათ, მეც და „ოპერის თეატრსაც“. ძალიან რთულია ამის დაორგანიზება, როდესაც დაკავებული ხარ, როდესაც ასეთი მასშტაბური გასტროლები გაქვს… დრეზდენი, იტალია, შანხაი, მაჩერატას ფესტივალი. ეს წელი მთლიანად გადატვირთულია. ვფიქრობ, მარტში ან სექტემბრის ბოლოსკენ დაიგეგმება კონცერტი.

რადიო „ფორტუნას“ გადაცემა, ART-FM-ის წარმდგენია, Chigogidze Wines.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g