რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, ექიმ-კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა სტუმრობდა. სტუმარმა გადაცემაში ისაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიც არის ჰოლისტიკური მიდგომის მიმართულება.
ბატონო ზურაბ, ჰოლისტიკური მიდგომა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ფაქტობრივად დავბრუნდით იქ, რომ არ უნდა ვავნოთ და უნდა ვუმკურნალოთ როგორც ერთ მთლიანს და არა ნაწილ-ნაწილ. რამ განაპირობა ჰოლისტიკური მოდგომის ეს ტენდენცია, რამ განაპირობა, რომ შეიქმნა ეს მიმართულება, რომელიც ძალიან ტრენდულია და გამართლებულია საექიმო თვალსაზრისით?
ეს არის განახლებული ტენდენცია, რომ ორგანოები დავუკავშიროთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, როდესაც ვმკურნალობთ ამა თუ იმ დაავადებას. კარგად ცნობილი გამოთქმაა – „უმკურნალე ავადმყოფს და არა ავადმყოფობას“, რაშიც იგულისხმება პაციენტის მენტალური სტატუსიც და სხვადასხვა ორგანოების სტატუსი, რომლებიც გავლენას ახდენენ დაავადების მიმდინარეობაზე. ბოლო პერიოდში განვითარდა კარდიოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ონკოლოგია და ასე შემდეგ, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს საკმარისი არ არის, რომ ჩვენ, კარდიოლოგები უნდა ვითვალისწინებდეთ ფილტვების მდგომარეობას, უნდა ვიცოდეთ როგორია საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ჩვენ მივდივართ ამ მხრივ წინ… ორგანოები ორგანიზმში ყველა დაკავშირებულია ერთმანეთთან, როგორ შორსაც არ უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთისგან ისინი მჭიდრო კავშირში არიან…
ბატონო ზურაბ, თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან მჭიდრო კოლაბორაცია არის ალბათ გასაღები წარმატებისა. თქვენი განყოფილება, იყავით პირველები, როდესაც კარდიოლოგები და პულმონოლოგები შეიკრიბეთ და ორი პროფილის წარმომადგენლებმა დაიწყეთ ერთად მუშაობა, რამაც გაამართლა. ჩვენ გვახსოვს ეს დეპარტამენტი, ამაზე ვისაუბროთ, როდესაც ბოხუას კლინიკაში განვითარდა ეს პროფილი, რისი ინიციატორიც თქვენ იყავით, რამდენად გაამართლა ასეთმა მიდგომამ და რამდენად პროდუქტიული აღმოჩნდა პაციენტების მკურნალობა?
ჩვენი კლინიკა თავის დროზე შეიქმნა, როგორც ანგიოლოგიური ცენტრი, სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, შეიქმნა ბაზაზე, ნოდარ ბოხუას ინიციატივით შექმნილ ამ მიმართულებაზე, შემდეგ, როდესაც ბატონმა კოტე ყიფიანმა დაიწყო ახალი ცენტრის მშენებლობა, მაშინ შედგა ჩემთან კონტაქტი და ჩვენ ერთად განვავითარეთ ანგიოლოგებთან და სისხლძარღვთა ქირურგებთან ერთად კარდიოლოგია. ეს ორი დარგი, რომელიც ორგანულად არის შერწყმული ერთმანეთთან. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი განძი სისხლძარღვთა ქირურგებთან თანაარსებობა, რადგან ჩვენ ყოველ დღე ვხვდებით ერთმანეთის საჭიროებას.
რაც შეეხება პულმონოლოგიას, უდავოდ გული და ფილტვი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ასე რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს.

პრაქტიკულად მივიღეთ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული სამი სამსახური, ანგიოლოგია, კარდიოლოგია და პულმონოლოგია, ალბათ უკვე შესაბამისი შედეგით პაციენტებთან მიმართებაში, რამდენად პროდუქტიულია ეფექტი პაციენტებისთვის?
სპეციალიზებული პულმონოლოგიური სტაციონარი დროებით შევაჩერეთ, მაგრამ ეს პაციენტები ჩვენთან იმყოფებიან, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა პულმონოლოგებთან რაც თავის შედეგს გვაძლევს, რაც პაციენტების წარმატებით მკურნალობაში გამოიხატება.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუნდაც გასტროენტეროლოგები, თუნდაც სტომატოლოგები – თითქოს დილეტანტისთვის ცოტა წარმოუდგენელია სად სტომატოლოგია და სად კარდიოლოგია. პოპულარულ ენაზე რომ განგვიმარტოთ, რატომ არის აუცილებელი, თითქოს ერთმანეთისგან დაშორებული სპეციალობების ექიმთა მჭიდრო კონტაქტი?
მნიშვნელოვანია ის, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ხშირად სიმულირებენ გულის დაავადებას. მაგალითად, პანკრეატიტები და ტკივილი, რომელიც მას თან ახლავს, ძალიან ხშირად სიმულირებს სტენოკარდიას, ამიტომ კარდიოლოგი, რომელიც პირველად სინჯავს პაციენტს, რომელმაც მიმართა გულის ტკივილის გამო, ამ დროს რაღაც დოზა გასტროენტეროლოგიის ექიმს უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მან ერთმანეთისგან განასხვაოს, რომ ეს არის გულის დაავადება თუ გასტროენტეროლოგიის ტრაქტის რომელიმე სისტემის.
არის ძალიან ხშირად, როდესაც კუჭ-ნაწლავის ესა თუ ის რეგიონი გავლენას ახდენს გულის რიტმზე, ე.წ-ლი „ამოვარდნების“ წარმოქმნაზე. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს მაგალითად თიაქარი, ნაღვლის ბუშტის ანთება ან მისი ზომის ცვლილება – ასე რომ, ეს ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული სისტემებია და არამარტო.
სტომატოლოგიასთან მიმართებაშიც მინდა გკითხოთ… ასევე პოლიპრაგმაზია, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი თანამედროვეობის. დანიშნულებები, სადაც შეიძლება სულაც არ იყოს გათვალისწინებული რა დანიშნა ერთმა ექიმმა და ისე იყოს დანიშნული მეორე ექიმის მიერ გარკვეული მედიკამენტები. ამ შემთხვევაში შედეგზე ეს ყველაფერი აისახება ძალიან სავალალოდ და რატომ არის აუცილებელი ამ კუთხით ამ ყველაფრის გათვალისწინება?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პაციენტები მოდიან და ზოგჯერ მალავენ, რომ იყვნენ სხვა კარდიოლოგთან, ვაძლევთ დანიშნულებას, შემდეგ ისინი ამ დანიშნულებას კრებენ და პრაქტიკულად ჯამურად იღებენ ამ ორი ექიმის დანიშნულებას, რაც ყოვლად დაუშვებელია, სახიფათოა და მავნე, რადგან ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა დოზები იყოს გაზრდილი ან დანიშნული იყოს წამლები, რომლებიც ერთმანეთთან ცუდად ურთიერთქმედებენ, ასე რომ ამის გაკეთება, კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგიც კი მივიღოთ.
რაც შეეხება სტომატოლოგებთან კოლაბორაციას, რამდენად არის ერთმანეთთან კორელაციაში პირის ღრუს ჯანმრთელობა, გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობასთან?
პირველ რიგში პირის ღრუ უნდა იყოს სანირებული ანუ სუფთა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ანთებები, მაგალითად გულის კუნთის, გულის შიგნითა გარსის ენდოკარდიის ანთებები, რომლის მიზეზი ხშირად არის პირის ღრუს ანთებები, ისევე როგორც პაციენტები, რომლებიც მიდიან კარდიო-ქირურგიულ ოპერაციაზე, ამ მხრივ პირის ღრუს სკანირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეორე არის ის, რომ პაციენტები, რომლებიც იღებენ კარდიოლოგის მიერ დანიშნულ წამლებს, მაგალითად პრეპარატებს, რომლებიც შედედებას აქვეითებენ, მაგრამ ისინი მიდიან სტომატოლოგიურ პროცედურაზე, რომელიც გულისხმობს კბილის ამოღებას და შესაბამის სისხლდენას, ამიტომ აქ არის შეკითხვები, უნდა მოიხსნას თუ არა ეს წამლები.
მესამე მიმართულებაა მოწყობილობები, რომლებიც არაც თუ ისე იშვიათად იმპლანტირებული აქვთ პაციენტებს. ეს არის დეფიბრილატორები, რიტმის მამოძრავებლები და საჭიროებენ გარკვეულ ყურადღებას ამ დროს, რადგან როდესაც პირის ღრუში ტარდება რომელიმე მანიპულაცია, მათ შორის ფიზიოთერაპიული მანიპულაცია, რომელიც დაკავშირებულია დენის გავრცელებასთან, ამ დროს ზოგჯერ საჭიროა ამ სტიმულატორის რეჟიმის შეცვლა.

მინდა გკითხოთ იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც გასულ წლის ბოლოს ჩატარდა, როგორც შემაჯამებელი ღონისძიება – რას მიეძღვნა, ისევ და ისევ ჰოლისტიკური თემის გაგრძელების სახით, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ჩატარებულიყო სწორედ ამ ტიპის კონფერენცია?
ჩვენი ასოციაცია, რომელიც ამგვარ ღონისძიებებს ატარებს, ყოველთვის ცდილობს რომ სიახლეები აჩვენოს საზოგადოებას და ჰოლისტიკური მიდგომა, ანუ ყოვლისმომცველი მიდგომა, არის ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რამდენად დიდი როლი აქვს ვენების, არტერიებისა და გულის ურთიერთქმედებას. საქმე იმაშია, რომ ვენური უკმარისობა, რასაც გარკვეულ სტადიაში ვარიკოზი ჰქვია, ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც რეგიონული დარღვევა, ამ ბოლო დროს კი ირკვევა, რომ ეს მთლად ასე არ არის, რადგან მას აქვს სისტემური გავლენა. არის საერთო რისკფაქტორი, კარდიოლოგიურ და ვენურ დაავადებებს შორის, შესაბამისად არის საერთო, პათო-ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ამ ორ დაავადებას აერთიანებს. ერთ შემთხვევაში ეს მექანიზმები ქმნიან პირობებს ათეროსკლეროზის განვითარებისთვის და მეორე შემთხვევაში ისინი ქმნიან ვენური გაფართოებითი, დილატაციური დაავადების წარმოქმნის რისკს, ამაში შედის ვენური უკმარისობა, ბუასილი და ბევრი სხვა დილატაციური დაავადებები და ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა უფრო მეტი მტკიცებულება გაჩნდება, ეს მიმართულება კიდევ უფრო საინტერესო გახდება და გაირკვევა, რომ ზოგიერთი მკურნალობა და პრეპარატი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ვენური დაავადებების დროს, მას შეიძლება ჰქონდეს კარგი პროფილაქტიკური გავლენა არტერიასა და გულის დაავადებებზე.
ასეთი ტიპის კვლევების ტემპი უფრო და უფრო მატულობს მსოფლიოში და ბუნებრივია, საქართველოც არ ჩამორჩება...
ჩვენ გავამზადეთ საინტერესო პუბლიკაცია და ველოდებით თანხმობას დაბეჭდვაზე და სხვათა შორის, ვენური დაავადებები, ვენური სისტემის როლი, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იყო ხაზგასმული ჯერ კიდევ 50-იან წლებში ქართველი მეცნიერის, მიხეილ წინამძღვრიშვილის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვენური ჰიპერტენზია შესაძლოა იყოს პრედიქტორი არტერიული ჰიპერტენზიისა.
რა არის ის რისკ ფაქტორები რომლებიც განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, რა რეკომენდაციას მისცემდით ჩვენს მსმენელს?
რისკფაქტორები ცნობილია, რომ არის კორეგირებადი და არაკორეგირებადი. არაკორეგირებადია ასაკი, მამრობითი სქესი, მაგრამ მენოპაუზის პერიოდში მდედრობითიც. რაც შეეხება კორეგირებად რისკფაქტორებს ეს არის თამბაქო, ეს არის კატეგორიული, არავითარი კომპრომისი თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით არ არსებობს, ის არის ცალსახად მავნებელი არამარტო გულისთვის, არამედ ფილტვისთვის, სიმსივნეების, ინსულტების განვითარებისთვის და ასე შემდეგ.
მეორეს მხრივ ფიზიკური დატვირთვა არის უნივერსალურად სასარგებლო და ეს არის სიარული – რიტმულად და სისტემატურად უნდა იაროთ ნახევარი საათი მაინც. ხაზს ვუსვამ, რომ სიარული უნდა იყოს რიტმული, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენ გახვედით ქუჩაში, ნაცნობებთან გაჩერდით და მერე ისევ გაიარეთ, ეს ის ეფექტი არ არის.
ასევე კვება, დაბალ ქოლესტერინული კვება. დიაბეტის მართვა აუცილებლად კონტროლის ქვეშ, რადგან გავა 10-15 წელი და მივიღებთ ძალიან მძიმე დაავადებას, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი სისხლძარღვებისას, რაც არის ინვალიდობის მნიშვნელოვანი მიზეზი.
მნიშვნელოვანია წნევის მართვა, არ არის საჭირო პანიკური დამოკიდებულება წნევის მომატების მიმართ, მაგრამ საზრუნავია, რომ წნევა იყოს ნორმის ფარგლებში. ასევე წნევის გაზომვის ტექნიკა, ძალიან ხშირად არასწორი წნევა არის მისი არასწორი გაზომვის შედეგი.
ამ რისკფაქტორების დიდი უმრავლესობა, მათი ეფექტურად მართვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ 50%-ით შევამციროთ ინფარქტის რისკი.