LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ევროპის ყველაზე გრძელი საბაგირო გზა გაიხსნა

113
region-ile-de-france_aymeric-guillonneau

პარიზში ამოქმედდა ევროპის ყველაზე გრძელი საქალაქო საბაგირო გზა, რომელიც არა ტურისტული ატრაქცია, არამედ სრულფასოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტია. ის ქალაქის მოშორებულ რაიონებს მეტროს ქსელთან აკავშირებს და მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს – სადგურებამდე მისვლა ახლა დაახლოებით 10 წუთშია შესაძლებელი. სიახლის შესახებ time out-ი წერს.

ახალი ხაზის სახელწოდებაა C1 და მისი სიგრძე 4,5 კილომეტრია. პროექტი შექმნილია როგორც სწრაფი „ჰაეროვანი ხიდი“ გარეუბნებსა და ქალაქის სატრანსპორტო სისტემას შორის. იმ ადგილებში, სადაც ადრე მოსახლეობას ავტობუსებზე დამოკიდებულება და საცობებში დროის დაკარგვა უწევდა, ახლა გაჩნდა მოკლე, სტაბილური და პროგნოზირებადი მარშრუტი – განსაკუთრებით დატვირთულ საათებში.

ხაზზე მოძრაობს 105 გონდოლა, რომლებიც დაახლოებით 22 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან და სადგურებში ყოველ 30 წამში ერთხელ ჩერდებიან. თითოეული გონდოლა გათვლილია 10 მგზავრზე. კაბინები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, საბავშვო ეტლებისა და ველოსიპედების გადასატანად, რაც მარშრუტს მოსახერხებელს ხდის როგორც ყოველდღიური მგზავრობისთვის, ისე ოჯახებისა და ველომოყვარულებისთვის.

ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 2 ევროა, რაც ჩვეულებრივი საქალაქო ბილეთის ფასს უტოლდება. მოსალოდნელია, რომ საბაგირო გზას დღეში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი გამოიყენებს, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 12 ათას მგზავრამდე გაიზრდება.

სპეციალისტების შეფასებით, ასეთი „ჰაეროვანი“ ტრანსპორტის აშენება გაცილებით სწრაფი და იაფია, ვიდრე მეტროს ახალი მონაკვეთის გაყვანა. ქალაქის იმ უბნებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში სუსტად იყო დაკავშირებული ცენტრალურ ინფრასტრუქტურასთან, ეს პრაქტიკულ და ეფექტიან გადაწყვეტად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები