იტალიამ შესაძლოა დაკარგოს თავისი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულება – ზღვის კურორტები. უკვე 2050 წლისთვის ყოველი მეხუთე პლაჟი გაქრობის რისკის ქვეშ იქნება, წერს Italy News Online.
იტალიის გეოგრაფიული საზოგადოების (SGI) მეცნიერების მიხედვით, 2050 წლისთვის შესაძლოა გაქრეს იტალიის პლაჟების 20%, ხოლო ამ საუკუნის ბოლომდე – თითქმის ნახევარი, ანუ 40%.
ანგარიშში სახელწოდებით „დატბორილი ლანდშაფტები“ აღნიშნულია, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველ რიგში, გლობალური დათბობის გამო ზღვის დონე იმატებს. ზღვა ტბორავს პლაჟებსა და დაბლობ სანაპირო ზონებს მთელ მსოფლიოში და გამონაკლისი არც იტალიაა.
მეორეც, ექსტრემალური შტორმები, რომელთა რაოდენობაც კლიმატური კრიზისის გამო იზრდება, იწვევს სანაპირო ტერიტორიების ეროზიას. ასეთი შტორმების დროს უზარმაზარი რაოდენობის ქვიშა ზღვაში ირეცხება. შედეგად, ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლება უკვე იძულებულია ახალი ქვიშა შეიტანოს, რათა პლაჟები დასვენებისთვის ვარგისი დარჩეს.
თუმცა კლიმატური ფაქტორები ერთადერთი მიზეზი არ არის. მასობრივი ტურიზმი ამ პროცესს დიდწილად შეუქცევადს ხდის. ტურისტების დიდი ნაკადის გამო ზიანდება და ნაწილობრივ ნადგურდება მცენარეულობა, რომელიც ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს ქარისა და ტალღების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ახალი კურორტების, სასტუმროების, რესტორნებისა და გზების მშენებლობა იწვევს სანაპირო მიწების ფრაგმენტაციასა და იზოლაციას. ბუნებაში არსებობს ქვიშის ეროზიისა და აღდგენის ბუნებრივი ციკლი. პლაჟები, ფაქტობრივად, „ცოცხლობენ“ ქარისა და წყლის მიერ ქვიშის მუდმივი გადაადგილების ხარჯზე, რომელიც შემდეგ სხვა ადგილებში ილექება. მაგრამ გაჭრილი გზებისა და აშენებული სასტუმროების გამო ეს ბუნებრივი მექანიზმი აღარ მუშაობს.
SGI-ის მეცნიერების თქმით, პირველ რიგში ამ პროცესებმა შეიძლება დააზიანოს ადრიატიკის ზღვის პოპულარული ტურისტული პლაჟები – არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ხორვატიაში, მონტენეგროსა და სლოვენიაში.
საფრთხის ქვეშ არის იტალიის ტირენიის ზღვის სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის ტოსკანასა და კამპანიას შორის მდებარე ტერიტორიები. ყველაზე მოწყვლად ზონებს შორის სახელდება ამალფის სანაპირო, ფორტე-დეი-მარმი, ასევე კუნძულები კაპრი და ისკია.
იტალიამ უკვე დაიწყო პლაჟებზე ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა. მაგალითად, სარდინიის რამდენიმე კურორტზე საჭიროა წინასწარი ჯავშანი, რათა ადამიანებმა ზღვის პირას შეძლონ დღის გატარება.