ინტელექტუალური აქტივობა – მათ შორის კითხვა, წერა და უცხო ენების შესწავლა შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცეს დემენციის პრევენციაში. ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გონების სტიმულაციის მაღალი დონე დემენციის განვითარების რისკს თითქმის 40%-ით ამცირებს.
დემენცია დღეს გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. სპეციალისტების პროგნოზით, საუკუნის შუა პერიოდისთვის დაავადებულთა რიცხვი სამჯერ გაიზრდება და 150 მილიონს გადააჭარბებს, რაც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემებზე სერიოზულ ზეწოლას გამოიწვევს.
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ცხოვრების განმავლობაში ინტელექტუალურად აქტიურ გარემოში ყოფნა პირდაპირ კავშირშია ალცჰაიმერის დაავადების დაბალ ალბათობასთან და კოგნიტიური ფუნქციების უფრო ნელ გაუარესებასთან.
„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ხანდაზმულ ასაკში კოგნიტიური ჯანმრთელობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ინტელექტუალურად დატვირთული იყო ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე,“ – განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ანდრეა ცამიტი.
კვლევაში მონაწილეობდა თითქმის 2000 ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელი იყო. საწყის ეტაპზე არც ერთ მათგანს კოგნიტიური დარღვევა არ აღენიშნებოდა. რვა წლის განმავლობაში მონაწილეები ავსებდნენ სპეციალურ კითხვარებს, რომლებიც ახალგაზრდობიდან სიბერემდე მათ გონებრივ აქტივობას აფასებდა.
დაკვირვების პერიოდში ალცჰაიმერის დაავადება 551 მონაწილეს განუვითარდა, ხოლო 719-ს – მსუბუქი კოგნიტიური დარღვევა.
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ინტელექტუალური აქტივობის მქონე ჯგუფებს შორის განსხვავება თვალსაჩინო აღმოჩნდა: აქტიურ ჯგუფში ალცჰაიმერი 21%-ს განუვითარდა, მაშინ როცა ნაკლებად აქტიურებში ეს მაჩვენებელი 34% იყო.
ასაკისა და განათლების დონის გათვალისწინების შემდეგ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ცხოვრების განმავლობაში მაღალი ინტელექტუალური ჩართულობა ალცჰაიმერის რისკს 38%-ით, ხოლო მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის ალბათობას 36%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ინტელექტუალურად აქტიურ პირებში ალცჰაიმერის დიაგნოზი საშუალოდ 94 წლის ასაკში ისმებოდა, დაახლოებით 5 წლით გვიან, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ჯგუფში. მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის გამოვლენაც საშუალოდ 7 წლით გვიან ფიქსირდებოდა.