ამერიკელი ენდრიუ ტრენის Tesla Model 3 ავარიის შემდეგ უტილიზაციისთვის იყო გადაცემული, თუმცა ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მანქანა ჩამოწერეს, ის მოულოდნელად გროდნოში აღმოჩნდა. ამის შესახებ ტრენმა Tesla-ს სისტემის საშუალებით გაიგო, სადაც მას კვლავ ჰქონდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე.
ყოფილი მფლობელი გაოცებული დარჩა – მას არა მხოლოდ შეეძლო ელექტრომობილის გეოლოკაციის ნახვა, არამედ გარკვეული ფუნქციების დისტანციურად მართვაც. ამ უცნაური შემთხვევის შესახებ მან სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა.
ტრენის თქმით, მან მიიღო შეტყობინება, რომ მის ანგარიშთან დაკავშირებულ ავტომობილზე გაფორმდა გარკვეული გამოწერა. სისტემაში შესვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აქტიური იყო Premium Connectivity (თვეში 9,99 დოლარი), რაც საშუალებას აძლევდა ჩაერთო და გამოერთო მუსიკა და სავარძლების გათბობა, დაებლოკა კარები და გაეღო ან დაეხურა ფანჯრები.
„მე ფაქტობრივად შემიძლია ეს მანქანა 6 ათასი მილის მანძილიდან ვაკონტროლო!“ – დაწერა მან.

კომენტარებში ზოგმა მომხმარებელმა იხუმრა და შესთავაზა გროდნოში მცხოვრები ახალი მფლობელის „გაღიზიანება“ – მაგალითად, სიჩქარის შეზღუდვა ან ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის ჰიმნის ჩართვა. სხვებმა კი აღნიშნეს, რომ ჯობდა ტრენს უბრალოდ ამოეშალა ავტომობილი თავისი ანგარიშიდან.
მოგვიანებით ტრენმა მართლაც წაშალა მანქანა ანგარიშიდან და აღნიშნა, რომ უხარია, მისი ყოფილი Model 3 ახალ სიცოცხლეს რომ განაგრძობს ბელარუსში.
„ეს იყო ჩემი საყვარელი მანქანა, რომლის ყიდვაც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა – ის ჩემთან ერთად იყო როგორც კარგ, ისე რთულ მომენტებში,“ – დაწერა მან.
როგორ აღმოჩნდა ჩამოწერილი Tesla Model 3 გროდნოში, უცნობია. სავარაუდოდ, ვიღაცამ უტილიზაციის ნაცვლად მისი გაყიდვა გადაწყვიტა, რის შემდეგაც ავტომობილი სხვა კონტინენტზე გადაიყვანეს, აღადგინეს და ხელახლა გაყიდეს.