წლევანდელ Met Gala-ზე BLACKPINK-ის ოთხივე წევრიც გამოჩნდა. ოთხეული გლამურულ საღამოზე ბენდის სახელით არ წარმდგარა. ჯენი, ჯისუ, როზე და ლისა წითელ ხალიჩაზე ინდივიდუალურად გამოვიდნენ, თუმცა ერთად მიწვეული ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე პირველად იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ თითოეულის ჩაცმულობა კოსტიუმების წლევანდელი წვეულების თემატიკასა და დრესკოდს პასუხობდა:
ჯენის Chanel-ის პასტელური ლურჯი ფერის, 15,000-მდე მბზინავი დეტალით გაფორმებული კაბა ეცვა, რომელიც მოზაიკურ ხელოვნებას მოგვაგონებდა.
ჯისუ Met Gala-ზე პირველად წარდგა და Dior-ის ვარდისფერი კაბა მოირგო. მისი სამოსი იმპრესიონისტული სტილის ბაღის სცენებით იყო მოქარგული, რაც კლოდ მონეს შემოქმედების ინსპირაცია გახლდათ.
როზე Saint Laurent-ის შავი კაბით გამოჩნდა, რომელიც მხატვარ ჟორჟ ბრაკის პატივსაცემად შეიქმნა.
ლისა ამჯერად საორგანიზაციო კომიტეტის წევრის სტატუსით იყო და Robert Wun-ის ავანგარდული, თეთრი სამოსი ეცვა. მისი კაბის მთავარი დეტალი 3D პრინტერით დაბეჭდილი „ხელები“ იყო, რომლებსაც მისივე ვუალი ეჭირა.
შეგახსენებთ, რომ კოსტიუმების ინსტიტუტის წლევანდელი გამოფენის სახელწოდება და მთავარი თემა – ,,კოსტიუმების ხელოვნებაა” (Costume Art), რამაც Met Gala-ს ცერემონია და მისი დრესკოდი – ,,მოდა არის ხელოვნება” (Fashion Is Art) განსაზღვრა. თემატიკა და დრესკოდი ხაზს უსვამდა მოდის, როგორც თვითგამოხატვისა და ვიზუალური ხელოვნების ფორმას, სტუმრებს კი საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ კრეატიული, ავანგარდული და სკულპტურული სამოსი, რომელიც სცდება ტრადიციული ტანსაცმლის ფარგლებს და ხელოვნების ნიმუშად აღიქმება.