ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM 2018 მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას 90 000 ათასამდე დამთვალიერებელი და მედიის 2700 წარმომადგენელი დაესწრო. გამოფენაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან WTM Buyer’s Club-ის 9,325 წევრი იყო წარმოდგენილი.
ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან სახელმწიფო ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარმოდგენილები: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, თბილისის მერია, Mimino Travel, Georgian Travel Group, GeorgiCa Travel, Exotour, Caucasus Travel, Omnestour, Visit Georgia, Concord Travel, Paragraph Shekvetili.
გამოფენაზე, საქარველოს სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაციები და ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან, სამომავლოდ პრეს და გაცნობითი ტურების დაგეგმვის მიზნით.
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ ესპანეთშიც. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბარსელონაში, საქმიანი ტურიზმის გამოფენა IBTM World-ში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდზე 500-მდე შეხვედრა და 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა. ბარსელონაში გამართული გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ახალ პრეზიდენტთან ჯეიმს რისთან და ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
ბარსელონაში გამართულ გამოფენას მსოფლიოს 141 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.