ევროპაში ახალი საგანმანათლებლო პროექტი EYE-TEACH მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ბავშვებსა და მოზარდებში კითხვის უნარის გაუმჯობესებაა. პროექტში რვა ქვეყანა მონაწილეობს და ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც მოსწავლეების თვალის მოძრაობას აკვირდება, როდესაც ისინი ეკრანზე ტექსტს კითხულობენ.
სისტემა სპეციალური ალგორითმებით აანალიზებს, რა ნაწილში უჭირს მოსწავლეს კითხვა – მაგალითად, თუ ბავშვი ერთსა და იმავე წინადადებას რამდენჯერმე უბრუნდება ან კონკრეტულ სიტყვაზე დიდხანს ჩერდება. ამის შემდეგ პროგრამა მასწავლებელს ატყობინებს, რომ მოსწავლეს დახმარება სჭირდება.
პროექტს ნიდერლანდების ღია უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობენ. მათი თქმით, სულ უფრო მეტი ბავშვი განიცდის კითხვის სირთულეებს, ზოგს სიტყვების მარაგი არ ჰყოფნის, ზოგს ტექსტის შინაარსის გაგება უჭირს, ბევრი კი დახმარების თხოვნასაც ვერ ბედავს. შედეგად, კითხვა მათთვის სასიამოვნო პროცესის ნაცვლად სტრესთან ასოცირდება.
EYE-TEACH-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ძვირად ღირებული ლაბორატორიული მოწყობილობა აღარ არის საჭირო, თვალის მოძრაობის დაფიქსირება ჩვეულებრივი ლეპტოპის ვებ-კამერასაც შეუძლია.
პროექტის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია მასწავლებლების ჩანაცვლებისთვის არ იქმნება. პირიქით – მისი მიზანია, პედაგოგებს დაეხმაროს, მოსწავლეებს კითხვა უფრო მარტივად და საინტერესოდ შეაყვარონ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლები სისტემის შექმნის პროცესშიც აქტიურად არიან ჩართულები.
პროექტი ევროკავშირის პროგრამა Horizon Europe-ის მხარდაჭერით ხორციელდება.