საბერძნეთში მდებარე ულამაზეს კუნძულ სიროსზე ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Syros Cats 2027 წლისთვის ახალ მოხალისეებს ეძებს. პროგრამის მონაწილეებს საცხოვრებელი, საუზმე და კომუნალური ხარჯები აუნაზღაურდებათ, სანაცვლოდ კი მათ კუნძულზე მცხოვრებ მიტოვებულ კატებზე უნდა იზრუნონ.
ორგანიზაცია უკვე ათწლეულებია ზრუნავს სიროსზე მცხოვრებ უსახლკარო კატებზე. კუნძულზე დაახლოებით 3 000 მაწანწალა კატაა, რის გამოც ადგილობრივმა მოხალისეებმა სტერილიზაციის, მკურნალობისა და მოვლის მასშტაბური პროგრამა შექმნეს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა კუნძულზე მინიმუმ ერთი თვე უნდა გაატარონ. მოხალისეების ყოველდღიური მოვალეობებია კატების გამოკვება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, ავადმყოფი ან შეშინებული ცხოველების მოვლა, გალიებისა და საცხოვრებელი სივრცეების დასუფთავება და თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება. სამუშაო გრაფიკი საშუალოდ დღეში ხუთ საათს, კვირაში ხუთ დღეს მოიცავს.

მოხალისეებს ცალკე საძინებელი ოთახი ექნებათ, თუმცა სამზარეულოსა და საერთო სივრცეებს სხვა მონაწილეებთან ერთად გამოიყენებენ. ერთდროულად პროგრამაში, როგორც წესი, მხოლოდ ოთხი მოხალისე მონაწილეობს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ 2026 წლისთვის განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია, ხოლო 2027 წლის მსურველებისთვის რეგისტრაცია 2026 წლის სექტემბერში გაიხსნება.

სიროსი ეგეოსის ზღვაში მდებარეობს და საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და ნაკლებად გადატვირთულ კუნძულად მიიჩნევა. ის ცნობილია სანაპიროებით, ისტორიული არქიტექტურითა და ტრადიციული ხმელთაშუაზღვისპირული ატმოსფეროთი, რაც ამ მოხალისეობრივ პროგრამას ცხოველების მოყვარულთათვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.