ჩინურმა სახელმწიფო ავტო კონცერნმა SAIC Motor-მა ევროპაში პირველი საწარმოო ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი საწარმო ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, გალისიაში განთავსდება და ძირითადად ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ევროკავშირის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული მაღალი საბაჟო გადასახადების თავიდან არიდება სახელდება. ამჟამად SAIC-ის პროდუქციაზე ევროკავშირში სტანდარტულ ტარიფთან ერთად დამატებით 35,3%-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც ჩინური ავტომობილების კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ქარხნის ასაშენებლად გალისიის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. რეგიონში მდებარე ფეროლის პორტი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს ავტომობილები სწრაფად მიაწოდოს ბრიტანეთის ბაზარს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

პროექტში საწყის ეტაპზე დაახლოებით 200 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება. ესპანეთის ხელისუფლებამ ინიციატივას უკვე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის სტატუსი მიანიჭა, რაც სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
მოსამზადებელი სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დაიწყება, მშენებლობა 2027 წელს არის დაგეგმილი, ხოლო საწარმო სრულად 2028 წელს ამოქმედდება.
პირველ ეტაპზე ქარხანა დაახლოებით 1000 სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო მოგვიანებით ეს რიცხვი შეიძლება 2500-მდე გაიზარდოს. საწარმოს წარმადობა წელიწადში 120 000 ავტომობილი იქნება.

SAIC-ი ასევე გეგმავს ევროპელი მომწოდებლების ფართო ქსელის ჩამოყალიბებას. კომპანიის მიზანია, რამდენიმე წელიწადში ავტომობილის კომპონენტების ლოკალიზაციის დონე 70%-მდე გაზარდოს. ეს ბრენდის მოდელებს საშუალებას მისცემს ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის სტატუსი მიიღონ, რაც დამატებით სავაჭრო უპირატესობებს შექმნის.
ბოლო წლებში ჩინური ავტო კომპანიები ევროპულ ბაზარზე პოზიციებს სწრაფად იმყარებენ და ადგილობრივი წარმოების დაწყება ამ პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ცოტა ხნის წინ SAIC-ი ისტორიაში პირველი ჩინური ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც ჯამურად 100 მილიონი ავტომობილის წარმოების ნიშნულს მიაღწია.
