რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი, შოთაძის აკადემიის პროფესორი, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიისა და დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ბორდების წევრი, ლალი მეკოკიშვილი სტუმრობდა.
ქალბატონო ლალი, თავდაპირველად შეაჯამეთ შედეგები, რომელიც მივიღეთ უაღრესად საინტერესო და მასშტაბური ღონისძიების შედეგად, რომელსაც ერქვა დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მეოთხე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი, რომლის ორგანიზატორიც თქვენ იყავით…
პროექტი, ტრანსკავკასიური კონგრესი არის სუფთა ქართული პროექტი. დაიბადა საქართველოში და ყოველ ჯერზე იზრდება მისი პოპულარობა და ამას ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსმენელის სტატუსით ადამიანების დელეგატებად მოსვლის სურვილი. წელს ჩვენ გვყავდა 18 ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგატი. დელეგატების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო ბრიტანეთი, მეორეზე სომხეთი, მესამეზე ყაზახეთი და ასე შემდეგ. ბრიტანეთიდან გვყავდა 45 დელეგატი, აქედან 20 სპიკერი გახლდათ. ეს პროექტი ზოგადად დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივით დაიწყო და ყოველწლიურად არის ამ საზოგადოების ეგიდით, როგორც რეგიონული შეხვედრა და წელსაც მივიღეთ ჩვენ რეგიონალური შეხვედრის სტატუსი.
გარდა ამისა ჩვენი ასოციაცია გახლავთ დერმატოლოგთა საერთაშორისო ლიგის წევრი და თავად ლიგის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია კონგრესის შესახებ. ასევე დერმატოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოებამ მოგვანიჭა მისი ეგიდი და ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ გათვალისწინებულია სპიკერების ცენზი და ავტორიტეტი. ჩვენ პროგრამა გადავაგზავნეთ ევროპის საბჭოში, ეს არის დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის საბჭო, რომელიც ანიჭებს აკრედიტაციას. ჩვენ მივიღეთ აკრედიტაცია და უპრეცედენტოდ მაღალი კრედიტ-ქულები (21ევროპული კრედიტ ქულა მიენიჭა კონგრესს). გვყავდა 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი და 18 ქვეყნის წარმომადგენელი.
ესენი იყვნენ ნამდვილად მსოფლიო მასშტაბით დარგის ლიდერები. გვყავდა სპიკერები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან, ეგვიპტიდან, დუბაიდან და ასე შემდეგ, პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან. კონგრესი იყო შინაარსობრივად ძალიან დატვირთული. ჩატარდა 5 „ვორქშოპი“, მათ შორის იყო დერმატოსკოპიის, რომელიც არის არაინვაზიური კვლევის მეთოდი (კანის სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალება). კომპეტენციის ამაღლება დერმატოსკოპიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვქონდა ასევე დერმატო-ქირურგიისა და ჭრილობის შეხორცების „ვორქშოპი“.
მოგეხსენებათ საქართველოში ჭრილობის მოვლა, საკმაოდ პრობლემური თემაა. ეს „ვორქშოპი“ ბრიტანელმა და ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ჩაატარეს, რომლებიც არიან ამ ცენტრების ხელმძღვანელები. ეს იყო საოცარი „ვორქშოპები“. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორიც არის მომავლის ლაზერი, მისი დემონსტრირება მოხდა კონგრესზე და კიდევ ეგზოსომები, ესეც ახალი სიტყვაა ესთეტიკურ მედიცინაში, ასევე რეგენერაციულ მედიცინაში.
ახალგაზრდებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა. გვქონდა ცალკე შეჯიბრება, ჩემპიონატი დერმატოლოგიაში, რომლის ქვიზები ჩაატარა ჩვენმა კოლეგამ ლატვიიდან და ამ ქვიზებით გამოვლინდა საუკეთესო, რომელსაც გადაეცა ბოლო გამოშვების დერმატოსკოპი, რომელიც დაახლოებით 4000 ევროს ღირებულებისაა. გარდა ამისა გვქონდა სესიები რეზიდენტებისთვის, რომელშიც მონაწილეობდა 7 ქვეყნის 12 რეზიდენტი, მათ წარადგინეს თავიანთი კვლევა, საინტერესო კლინიკური შემთხვევების, ბრიტანელებს თავისი კომისია ჰყავდათ და აარჩიეს ერთი საუკეთესო ქართველი მათი კომისიის აზრით, რომელსაც მისცეს შესაძლებლობა, რომ სრული დაფინანსებით დაესწროს ბრიტანეთის ყოველწლიურ დერმატოლოგიურ კონგრესს, რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ.
საერთაშორისო კომისიამ აარჩია კიდევ სამი საუკეთესო რეზიდენტი, რომლებიც ჩვენმა ასოციაციამ კონგრესის ბიუჯეტიდან დააფინანსა – პირველ ადგილს წილად ხვდა 4 წლიანი დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრობა, მეორე ადგილს სამწლიანი, მესამე ადგილს ორწლიანი. გარდა ამისა 24 ახალგაზრდა ქართველს, უპირატესად რეზიდენტებს ჩვენმა ასოციაციამ დაუფინანსა ერთწლიანი დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრობა. გარდა ამისა გვქონდა მრგვალი მაგიდა, განათლება დერმატოლოგიაში, მთავარი სპიკერი იყო ბრიტანელი და მან წარადგინა სპეციფიკა, გამოწვევები ის, რაც მათ განაახლეს განათლებაში, როგორც პრედიპლომურ, ასევე პოსტდიპლომურ განათლებაში დერმატოლოგიის კუთხით. ჩვენც გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და გამოცდილების გაზიარება.

ასეთი რანგის ღონისძიებების ჩატარების დროს, ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რომ ერთია ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრს, მაგრამ ჩვენ თუ გავცემთ რაღაცას, ანუ არის თუ არა მათთვის ჩვენი გამოცდილება, პრაქტიკა, სამეცნიერო პოტენციალი მათთვის საინტერესო და ისინიც თუ იღებენ ჩვენგან სარგებელს?
ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ბრიტანელი ექსპერტის შეფასება, რომელმაც მითხრა, რომ უამრავი კონგრესი მაქვს ნანახი, მაგრამ ეს იყო დაუვიწყარი – აქ იგულისხმება არამხოლოდ სამეცნიერო კონტენტი, არამედ სპიკერების დონე იყო ძალიან მაღალი, იყო შესაძლებლობა სპიკერებთან უშუალო ურთიერთობისა რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავადვე აღნიშნეს ორგანიზების დონე და ხუმრობითაც მითხრეს, რომ შენ და შენი გუნდი იქ უნდა წაგიყვანოთ და ბრიტანეთში რომ კონგრესებს ვატარებთ იქ უნდა მიგიწვიოთო.
ინსტიტუციური კულტურა რაც ამ კონგრესს ახასიათებს, ეს არის შიდა კულტურა. ვმუშაობთ მე და ჩემი რეზიდენტები, ყოფილი რეზიდენტები და მათთვის ამის დანახვა ძალიან ატრაქტიული იყო, რადგან როდესაც ხედავენ გუნდს, რომელიც თავგამოდებით შრომობს და აღწევს იმას, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ეს იყო სოციალური ნაწილიც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა აღნიშნო სხვადასხვა დამსახურება, ჩვენ სათითაოდ ყველა სპიკერის აღვნიშნეთ, ყველა დავაჯილდოვეთ, სპონსორები და მათ შორის უცხოელი სპონსორებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პოზიტიური შეფასებები დღემდე მოდის…
რა შესაძლებლობები გახსნა ამ კონგრესმა თქვენთვის, თქვენი გუნდისთვის, მედიკოსებისთვის?
როგორც უკვე მოგახსენეთ კონგრესზე ბრიტანელებს ჯგუფი იყო ჩამოსული, ეს გახლავთ ბრიტანეთის დერმატოლოგთა საზოგადოების განყოფილება, რომელიც შედგება ექსპერტეისგან, რეზიდენტებისგან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღიად გასცემენ ცოდნასა და გამოცდილებას, სწორედ დავლინის კლუბი განიხილავს ჩვენს ასოციაციასთან მემორანდუმის გაფორმების საკითხს. კონგრესის დროს ასოციაციამ უკვე გააფორმა ორი მემორანდუმი. ერთი იყო დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომლის პრეზიდენტიც ესწრებოდა.
ათი პრეზიდენტი გვყავდა კონგრესზე და ასევე უზბეკეთის დერმატოლოგთა ასოციაციასთანაც გაფორმდა მემორანდუმი. დავლინის კლუბმა შემოგვთავაზა, რომ მათ ჰყავთ თავიანთი ექსპერტები, რომლებიც შეძლებენ, რომ შერჩეული ადამიანები გადაამზადონ, ეს არის ტრენერების, ტრენინგის პროგრამები, მაგალითად იმ დარგებში, რომელიც ყველაზე მტკივნეულია საქართველოში. ესენია – დერმატპათოლოგია, დერმატოქირურგია, ასევე ეგრეთ წოდებული მოჰ-ქირურგია, რომელიც ასაწყობია ამ ქვეყანაში. ამას სჭირდება რეგულაციები და სახელმწიფოს ჩართულობაც, თუმცა მათი მხრიდან არის მზაობა. ამ კონგრესის შემდეგ გვექნება კომუნიკაცია და დავგეგმავთ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს შემდგომი განვითარებისთვის.
გარდა ამისა ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენი ჩარევის გარეშე ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობები და კომუნიკაცია, ბრიტანელებთან და ყველა უცხოელ ექსპერტთან და პირდაპირ თავადვე შესთავაზეს მათ ბრიტანეთში წასვლა ტრენინგზე და ასე შემდეგ და ეს არის ის, რაც ასეთ კონგრესებს გამოარჩევს. როდესაც საზღვარგარეთ მიდიან ჩვენი კოლეგები, იქ ნამდვილად არ აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ და აქ არის სწორედ ამის პლატფორმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ კონგრესს ექნება პოზიტიური შედეგები შემდგომში.
მათთვისაც იმდენად მომხიბვლელი იყო ეს კონგრესი, რომ შემომთავაზეს, რომ ხომ არ ჩავატაროთ „აიტისი“ მაგალითად უზბეკეთში ჩვენი ეგიდით.

უნდა გკითხოთ ევრომელანომის შესახებ – ეს არის მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტარდება და თქვენი წყალობით მას უერთდება საქართველოც, გვიამბეთ რა ხდება ევრომელანომასთან დაკავშირებით?
ახლა მიმდინარეობს ევრომელანომის კამპანია და ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩაწერილიყვნენ. 3-დან 6 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს მოსახლეობის უფასო კვლევები 25 წლის ზემოთ. მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ ნაკლებად აქვს აზრი მასიურ გასინჯვებს და უფრო სჯობს ინახოს რისკის ჯგუფები, თუმცა არის ქვეყნები და სპეციფიკა სადაც ამას ვერ ვიტყვით.
მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, სადაც კანის სკრინინგი ისედაც შედის ჯანდაცვის სისტემაში, რაც საქართველოში ასე არ არის, ამიტომ ჩვენ ჩვენი სპეციფიკა გვაქვს და აქედან გამომდინარე, მაინც მასიურ გასინჯვებს აქვს მნიშვნელობა, რადგან ადამიანები წლები არ მიდიან ექიმთან და შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს რისკი, მაგრამ ჩვენ აღმოვუჩინოთ კანის სიმსივნე ასეთ ადამიანებს.
წლევანდელი კამპანიის განსაკუთრებული მოტივი გახლავთ თინეიჯერებში, ახალგაზრდებში გავრცელებული საშიში ინფორმაციისადმი, მეცნიერული ინფორმაციის დაპირისპირება მათთვის გასაგებ ენაზე, ამისთვის ითარგმნა და ბრუსელიდან გამოიგზავნა ვიდეოები, ამოიკრიბა ტიკ-ტოკიდან საშიში მესიჯები, ითარგმნა ქართულად და ამჟამად ამას ჩვენ ევრომელანომის ქართულ გვერდზე ვავრცელებთ.
მაგალითად, ახალგაზრდა გოგონა ვიდეოში ამბობს: „იმისთვის, რომ ლობსტერივით არ დაიწვა მზეზე, სჯობს სოლარიუმში კარგად გაირუჯო და მერე მიღო მზეზე რუჯი“ – სწორედ ამას უპირისპირდება ვიდეო-მოსაზრება.